Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

► ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Supertramp - Breakfast in America

ამერიკის შესახებ დაწერილი სიმღერები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფა: მემარცხენეები დედის ტრაკს აგინებენ, როგორც იმპერიალიზმის ბუდეს, რომელშიც უკიდურესი ანგარება და კონსერვატიული სიბრიყვეა გამეფებული, მემარჯვენეები კი ხოტბას ასხამენ, როგორც უზარმაზარი შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. ამ სიმღერებიდან ბევრი ნამდვილად არაა ცუდი, მაგრამ თითქმის ყველა მომაბეზრებელია. ეს ტრეკიც, რომ ვთქვა, აღტაცებაში მოვყავარო, სწორი არ იქნება, მაგრამ კონტექსტი აქვს საინტერესო.

თინეიჯერი ბრიტანელი ოცნებობს, გახდეს ცნობილი და დაიპყროს ამერიკა - ქვეყანა, რომელშიც ჯერ არასდროს ყოფილა. საინტერესოა, რომ როჯერ ჰოჯსონმა ეს სიმღერა მართლაც მოზარდობისას დაწერა და გულით სულ თან ატარებდა. ჰოდა, პირველ სერიოზულ წარმატებას როცა მიაღწია და კალიფორნიაშიც ისაუზმა, მხოლოდ მაშინ გამოაჩინა და ჩაწერა კიდეც ბენდთან ერთად. 1979 წელს გამოშვებულ ალბომს მსოფლიო მასშტაბით დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. აი, სატიტულო ტრეკი კი თავის დროზე მხოლოდ ბრიტანელებს მოეწონათ, თუმცა, უკვე დღეს ის კოლექტივის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სიმღერაა. 

9. Kanye West - Diamonds from Sierra Leone

როდესაც ქანიე ვესთმა გააცნობიერა, რომ სიერა ლეონეში გაჩაღებული სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის მიზეზი ალმასის საბადოებზე კონტროლის დაწესება იყო და არა დემოკრატიისთვის ბრძოლა, გულწრფელად აღშფოთდა. თუმცა, მისი მოთმინების ფიალის ასავსებად ბოლო წვეთი იმ ამბავის გაგება აღმოჩნდა, რომ ძვირფასი ქვების მომპოვებელი კომპანიები მაღაროებში ნახევრად მშიერი ბავშვების შრომას იყენებენ. ალბათ, სწორედ მაშინ დაფიქრდა პირველად, რომ ბრილიანტები, რომლებიც ყველა თავმომწონე რეპერის მსგავსად, მასაც უხვად ჰქონდა, შეიძლება, სიერა ლეონეში ყოფილიყო მოპოვებული და სინდისმაც შეაწუხა.

სწორედ ასე გაჩნდა ტრეკი, რომელშიც ჯეიმს ბონდის შესახებ შექმნილ ერთ-ერთი ფილმში შირლი ბეისის მიერ შესრულებული სიმღერიდან აღებული სემპლია გამოყენებული. მასზე გადაღებულმა ვიდეომ კი მთელი ამერიკული ლიბერალური არისტოკრატია აღაფრთოვანა. რთული სათქმელია, ითვალისწინებენ თუ არა მდიდარი ამერიკელები ქანიეს გულუბრყვილო მოწოდებას, გადაამოწმონ იმ ბრილიანტების წარმომავლობა, რომლებსაც ყიდულობენ, თუმცა, ეს უკვე მისი საქმე აღარც არის. მუსიკოსმა ხომ საკუთარი მისია პირნათლად შეასრულა. ჰუმანიზმის ნათელი იდეალებისადმი ერთგულებაც დაუფასდა. ასე რომ, შეუძლია, სინდისი დაიმშვიდოს და უშფოთველად იძინოს.

8. Beach House - Norway

როგორც აღმოჩნდა, "ბიჩ ჰაუსის" მიერ ოდნავ დეფორმირებული დრიმ პოპ ჟღერადობა, ვიქტორია ლეგრანის სიმღერის მოფრანგულო მანერასთან ერთად (მიშელ ლეგრანის ნათესავი ყოფილა თან), იდეალურად მოერგო ნორვეგიას. კომპოზიციის ტექსტი, ერთი შეხედვით, დიდი გამჭრიახობითა და ორიგინალობით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, თუ როგორ უხსნის  ამერიკული დუეტი სიყვარულს ამ სკანდინავიურ ქვეყანას, მართლაც უცნაურია.

ნორვეგია აქ რაღაც იდუმალი სუბსტანცია თუ სულიერ-მატერიალური ტერიტორიაა, რომელიც მზადაა გული გაუხსნას და თავის მისტიკურ ლაბირინთებში გახვიოს ვიქტორიაც და ალექს სკელიც. ეს ტრეკი ყოველთვის სანიმუშოდ ითვლებოდა მათ შემოქმედებაში და სწორედ მასზე აკეთებდნენ სწორებას კრიტიკოსებიც "ბიჩ ჰაუსის" მუსიკაზე საუბრისას. მეც თავიდან "ნორვეგია" მოწინავე პოზიციებისთვის მქონდა გამზადებული, მაგრამ, როცა "გადავიმეორე", ისეთივე ეფექტი ვეღარ მოახდინა, როგორც ამ შვიდი წლის წინ. თუმცა, ვფიქრობ ჩვენს სიაში ადგილს მაინც იმსახურებს.

7. Kult - Polska

გავლენიანი ვარშავული ბენდი, რომელმაც ჯერ კიდევ 1982 წლიდან დაიწყო ძირგამომთხრელი, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა სოციალისტურ პოლონეთში. იქაური როკ სცენის აღმავლობა 80-იანებში პირდაპირ კავშირში იყო იმ პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლასთან და "კულტი" სწორედ ამ ბრძოლის ავანგარდში იმყოფებოდა.

ეს კომპოზიცია 1987 წელს შეიქმნა, მაგრამ ცენზურის მიერ აკრძალვის გამო, მისი ჩაწერა მხოლოდ 1992 წელს მოხერხდა. ალბათ, გასაგებია, რაზე მღერიან მუსიკოსები - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად უკიდურესად დათრგუნულ ქვეყანაზე, რომელსაც პოლონეთი ჰქვია და რომელშიც ცხოვრობა აუტანელია. რაც შეეხება მუსიკას, აქ უკვე საქმე გვაქვს იმ ეპოქაში აღმოსავლეთ ევროპისთვის ტიპურ მიდგომასთან, როდესაც მუსიკოსები განსხვავებული ჟანრებისა და ჟღერადობების ერთ ტერიტორიაზე მოთავსებას ცდილობდნენ. Polska დღესაც, ახალი თაობისთვისაც ალტერნატიულ ეროვნულ ჰიმნად ითვლება და ოდნავადაც არ დაუკარგავს აქტუალობა. როგორც ჩანს, თანამედროვე პოლონეთში კარგად ესმით, რომ ბრძოლა გრძელდება და საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ ადრეა.

6. Siouxsie and the Banshees - Israel

რატომ დაწერა სიუზი სიუმ ასეთი ტექსტი 1980 წელს, გაუგებარია. ალბათ, "ძველ აღთქმას" კითხულობდა და ებრაელი ხალხის ტრაგიკულმა ისტორიამ მოახდინა მასზე მძიმე შთაბეჭდილება. არადა, ობსკურული მსოფლშეგრძნება "სიუზის და სულებს" ისედაც ისეთი მძლავრი და გადამდები ჰქონდათ, რომ ლამის მთელ იმდროინდელ ბრიტანულ პოსტ პანკ სცენას აპათიაში აგდებდნენ. პლუს კიდევ ეს ტრეკი. თუმცა, ამ ჩანაწერში იმედის ნაპერწკალი მაინც გამოსჭვივის - იმღერე მთელი სულითა და გულით და მარტოსულად აღარ იგრძნობ თავსო. 

სუზიც სწორედ ამ შემართებით მღერის, როგორც ყოველთვის უკომპრომისოდ, დრამატულად, ქედმაღლურად და მომნუსხველად. აღსანიშნავია გიტარისტ ჯონ მაკგიოჰის ნამუშევარიც, რომლის დაკვრის მანერა და ფრაზეოლოგია ნამდვილ ეტალონად იქცა 80-იანი წლების ბრიტანელი პოსტ პანკ არტისტებისთვის. სხვა კიდევ ის შემიძლია დავამატო, რომ "ისრაელი", ისევე, როგორც ბენდის მთელი ადრეული შემოქმედება, 80-იანების მეორე ნახევარში საკულტო გახდა თბილისში და რაღაც მომენტში ხელიც კი შუწყო იმ ვექტორების წარმოქმნას, რომლებსაც ქართული ალტერნატიული მუსიკა 90-იან წლებში გაჰყვა.

5. Wall of Voodoo - Mexican Radio

ამ ბენდის მუსიკა - ნიუ ვეივის, ელექტროპოპისა და სპაგეტი ვესტერნებისთვის შექმნილი საუნდტრეკების ექსცენტრიკული ნაზავი, დიდი წარმატებით არასდროს სარგებლობდა, ერთ გაჰიტებულ ტრეკს, საახელწოდებით "მექსიკური რადიო" თუ არ ჩავთვლით. ბენდის წევრები თურმე ხშირად უსმენდნენ იქაურ რადიოსადგურებს. ესპანური არ ესმოდათ, ვერაფერს იგებდნენ, მაგრამ ისე ყოფილან დაინტრიგებული მექსიკით, რომ ტიხუანაში იგუანის ბარბექიუზეც კი ოცნებობდნენ. 

როგორც ჩანს, ეს ოცნება საკმარისი აღმოჩნდა კომპოზიციის ჩასაწერად, რომელიც იმდენად ფრიკული გამოვიდა, რომ, როგორც ლაზღანდარობა, ისე აღიქმება. ამიტომ მოეწონა, ალბათ, ყველას და ამიტომაც გაჰიტდა. თუმცა, ამავე დროს მსმენელებში გარკვეული სტერეოტიპიც გააჩინა, რამაც ნეგატიურად იმოქმედა ბენდის შემდგომ კარიერაზე. არადა, კრიტიკოსები დადებითად აფასებდნენ მათი მუსიკას და ეს ტრეკიც იმის ნათელი მაგალითია, რა ორიგინალურად და მახვილგონივრულად უდგებოდნენ მუსიკოსები საკუთარ საქმეს. ყოველ შემთხვევაში, მექსიკის შესახებ შექმნილ სიმღერებში რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, ფაქტია. ჩვენს სიაში მოსახვედრად კი ეს სრულიად საკმარისი პირობაა. 

4. N.O.M. - Ukrblues

ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური პროექტი, რომელიც რუსეთში შექმნილა. თუმცა, მისი წევრების აქტივობა მარტო მუსიკით არ შემოიფარგლებოდა. "სინამდვილის იდიოტური გამოვლინებების დრამატიზაცია და დრამატულის იდიოტიზაცია" - 1986 წლიდან მოყოლებული სწორედ ამ კონცეფციით იღებდნენ ისინი ფილმებს, წერდნენ წიგნებსა და მანიფესტებს, ხატავდნენ პლაკატებს, აწყობდნენ პერფორმანსებს. ბევრი მათ მუსიკას ფრიკ როკს ან კომედი როკს უწოდებს, რაც საკმაოდ ზუსტი დეფინიციაა. "ახალგაზრდული არაფორმალური გაერთიანების" (სწორედ ასე იშიფრება აბრევიატურა N.O.M.) შემოქმედებაში თავმოყრილი ექსცენტრიკა, გროტესკი და არაადექვატურობა თითქოს ბუნებრივად იღებს ექსპერიმენტულ-ალტერნატიულ ფორმებს, რაც სინამდვილეში ილუზიაა, სიმულანტური და ანეკდოტური.

ყოველივე ზემოთქმულის მკაფიო დადასტურება კომპოზიცია "უკრაინული ბლუზი" და მასზე გადაღებული ვიდეო, რომელიც ქალაქ ხარკოვის ბაზარში ხაფიზულა ედინბეკის ძე საგიტდულოვის (ბენდის ფრონტმენის, სერგეი კაგადეევის ფსევდონიმია) თავგადასავალზე მოგვითხრობს. მოკლედ ტრეშ-არტის ნამდვილი ეტალონია, ოღონდ წმინდა რუსული, უკრაინული აქცენტებით.

3. Joao Gilberto - Aquarela do Brasil

ეს კომპოზიცია ჯერ კიდევ 1939 წელს შეიქმნა და პირველი ბრაზილიური სიმღერა გახდა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ის უამრავმა დიდმა არტისტმა ჩაწერა და არაერთ ცნობილ ფილმში გაჟღერდა (მაგალითად, ტერი გილიამის "ბრაზილიაში"). სწორედ ამ პატრიოტული, თუმცა, ამავდროულად საკმაოდ დელიკატური, რომანტიკული და ტოლერანტული ტრეკის წყალობით გახდა სამბა ბრაზილიური იდენტობის უმთავრესი სიმბოლო.  

ბევრი ცნობილი თუ უცნობი ვერსიიდან ლეგენდარული ჟოაო ჟილბერტუს მიერ აკუსტიკურ გიტარაზე შესრულებული ინტიმური ვერსია შევარჩიე. ჟოაო მომენტებში თითქოს საერთოდ სცდება არა მხოლოდ მთავარ მელოდიურ ხაზს, არამედ საკუთარ აკომპანემენტსაც კი, რის გამოც სიმღერა თითქოს თავისით, ინერციით იწყებს მოძრაობას. ასე მხოლოდ ბრაზილიელს შეუძლია იმღეროს. ეს სპეციფიკური მუსიკალური სენსიტიურობა და ინტუიცია მხოლოდ ამ ქვეყნის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი. სწორედ ესაა აქ ფასეული და არა ყბადაღებული სამბა, რომელიც თავისთავად ცუდი ნამდვილად არ არის.

2. Einstürzende Neubauten - Armenia

ამ ტრეკის ტექსტში, რომელიც სულ რამდენიმე მოკლე წინადადებისგან შედგება, არანაირი "არმენია" ნახსენები არ არის. სომხური დისკურსი მხოლოდ მის აკუსტიკურ შემადგენელში ვლინდება - მთელი კომპოზიცია დუდუკების ფონზე ვითარდება. ალბათ, ბლიქსამ და კომპანიამ ჩათვალეს, რომ ცირანაპოხის (ასე ეძახიან სომხები დუდუკს) ჟღერადობა იდეალურად მიესადაგება მათ პირქუშ, დესტრუქციულ მსოფლშეგრძნებასა და არტისტულ-კონცეპტუალურ ხედვას.

სწორედაც ჩათვალეს. სომხურ დუდუკს ისედაც უკიდეგანო სევდის, ტრაგიზმისა და განწირული სულისკვეთების განწყობა მოაქვს, მასზე გადადებული ავთენტურ-ინდუსტრიული გრუხუნი და ბლიქსას სასოწარკვეთილი ვოკალი კი უაღრესად შთამბეჭდავ აკუსტიკურ ეფექტს ქმნის და სწორედ აქ იკვრება წრედი. "აინშტურცენდე ნოიბაუტენისთვის" სომხეთი იქცევა მეტაფორად, კაცობრიობის მიკრომოდელად, რომელშიც კათარზისი მხოლოდ თავგანწირული თვითგვემისა და თვითდესტრუქციის ხარჯზე თუ მიიღწევა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოძმე რესპუბლიკას ქვეყნებს შორის ჭიდილში მოპოვებული მეორე საპატიო ადგილი მივულოცოთ.

1. PJ Harvey - England

პოლი ჯინ ჰარვი, ალბათ, ყველაზე ნიჭიერი ავტორ-შემსრულებელი ქალია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მუსიკის სამყაროში გამოჩნდა. მისი კრეატიული რესურსები მართლაც ამოუწურავია და ეს ტრეკიც სწორედ ამის დადასტურებაა. ბევრისთვის ეს სიმღერა შეიძლება, პოლიტკორექტულობის ტიპური გამოვლინება იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მასში არ იგრძნობა არანაირი კონიუნქტურული პათეტიკა და იოტიოდენა სიყალბეც კი.

ინსპირაცია ჰარვიმ ქურთი მომღერალი ქალის, კასიმ მიროს სასიყვარულო სიმღერიდან მიიღო, რომლის სემპლებიც ამ კომპოზიციაშია გამოყენებული. ჰარვის ტრეკიც, ფაქტობრივად, მისი სამშობლო ინგლისისადმი მიძღვნილი სასიყვარულო წერილია. მუსიკოსი სათქმელს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ იმ უუფლებო ემიგრანტების სახელითაც აჟღერებს, რომლებმაც ბევრი მწარე დარტყმა მიიღეს, მაგრამ მაინც სიყვარულს უხსნიან ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობენ და კვდებიან. ის, თუ როგორ მღერის ამ კომპოზიციას პოლი ჯინ ჰარვი, როგორ არის ემოციურად გადახსნილი, მხოლოდ მისი ლაივ-ვერსიის ყურების შემდეგ გახდა ჩემთვის ბოლომდე გასაგები. და კიდევ ის გავიგე, რატომ ჩავარდა ნიკ ქეივი ღრმა დეპრესიაში, როცა 20 წლის წინ ამ საოცარმა ქალმა მიატოვა.


0. Самоцветы - Мои адрес Советскии Союз

თუ ვინმეს აინტერესებს, რაში მდგომარეობდა საბჭოთა კავშირის კურიოზულობა, აბსურდულობა და არაადექვატურობა, ვურჩევ, 1973 წელს გამოცემული ეს სიმღერა მოისმინოს. პოზიტივიზმითა და რომანტიზმით გაჯერებული კომპოზიცია ახალგაზრდულ-კომკავშირული კულტურის ნამდვილი ჰიმნი გახდა მაშინ. დარწმუნებული ვარ, საბჭოეთის ირონიულ-ცინიკური დეფინიციაც "სავოკ" სწორედ მისგან მოდის.

ტექსტი ასეთია: 

"ვაგონის ბორბლები გვკარნახობენ, სად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. 
ჩემი ტელეფონის ნომრები მიმოფანტულია სხვადასხვა ქალაქში. 
გული ზრუნავს, გული ღელავს, საფოსტო ამანათი იფუთება. 
ჩემი მისამართი არც სახლია და არც ქუჩა, ჩემი მისამართია საბჭოთა კავშირი.

თქვენ, სატელეგრაფო წერტილ-ტირეებო, მშენებლობებზე მეძებეთ. 
დღეს სამუშაო დღის მონაცემებია მთავარი და არა პირადული ამბები.
გული ზრუნავს, გული ღელავს, საფოსტო ამანათი იფუთება. 
ჩემი მისამართი არც სახლია და არც ქუჩა, ჩემი მისამართია საბჭოთა კავშირი.

მე იქ ვარ, სადაც აზრზე მოსული ახალგაზრდობაა, იქ, სადაც პლაკატებზე წერია "წინ", 
სადაც ახალ შრომის სიმღერებს მშრომელი ქვეყანა მღერის. 
გული ზრუნავს, გული ღელავს, საფოსტო ამანათი იფუთება. 
ჩემი მისამართი არც სახლია და არც ქუჩა, ჩემი მისამართია საბჭოთა კავშირი".

ასე და ამრიგად უკვე ნათელი ხდება დღევანდელი რუსეთის მენტალური კრიზისის მიზეზებიც - ძველი მისამართი დაკარგეს, ახალს ვერ პულობენ და არიან ასე უმისამართოდ განწირულები. კლასიკოსები არ ტყუიან, მართლაც რომ ტრაგიკული "ნაროდია".

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული