Thumbnail

22 ნოემბერს Coldplay ახალ ალბომს Everyday Life გამოუშვებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფი Coldplay ახალ, ორმაგ ალბომს სახელწოდებით Everyday Life გამოსცემს. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 22 ნოემბერს ჩაეშვება. კოლექტივმა სოციალურ ქსელში 1919 წლით დათარიღებული წერილი გაასაჯაროვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბენდის თაყვანისმცემლებს დაეგზავნათ:

"მოგესალმებით, მეგობრებო. იმედი გვაქვს, სადაც ხართ, თავს კარგად გრძნობთ. ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ალბომზე სახელად Everyday Life. პირველ ნაწილს Sunrise ეწოდება, მეორეს კი Sunset. ჩანაწერში მოგიყვებით, რას ვგრძნობთ სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით. დიდი სიყვარულით კრისი, ჯონი, გაი და უილი".

გასულ კვირას ბერლინში, სიდნეიში, ჰონგ კონგსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში ალბომის სარეკლამო პოსტერები იყო გაკრული, რომელზეც ჯგუფის წევრები გერმანელ ფილოსოფოსთან, ფრიდრიხ ნიცშესთან ერთად იყვნენ გამოსახული. სურათი 1919 წლის 22 ნოემბრით თარიღდებოდა. მოგვიანებით ჯგუფმა სოციალურ ქსელში ჩანაწერის თიზერიც გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სტუდიური ალბომი A Head Full of Dreams ჯგუფმა 2015 წელს გაავრცელა.

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული