Thumbnail

Weyes Blood-ის ფსევდონიმით ცნობილი ნატალი მერინგი სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულად საინტერესო არტისტად. მის ნამუშევრებს ტრადიციულად მსმენელებისა და კრიტიკოსების ერთსულოვანი აღფრთოვანება მოსდევს. თუმცა, ამერიკელი მუსიკოსის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მისი ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებიც კი გაოგნებული დატოვა.

Titanic Rising-ის გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს The Beach Boys-ის აქამდე უცნობ ჩანაწერს წააწყდი, რომელშიც ეპოქალურ კოლექტივს წამყვან ვოკალისტად რატომღაც კარენ კარპენტერი ჰყავდა მოწვეული. ამ უკანასკნელისა და მერინგის ხმას შორის მსგავსების აღმოსაჩენად სიმღერის Something to Believe ერთხელ მოსმენაც საკმარისია. ბრაიან ვილსონისა და კომპანიის გავლენა კი ნამუშევრის ჟღერადობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. განსაკუთრებით, ვოკალური ჰარმონიებით სავსე კომპოზიციაში Everyday.

ალბომში ვინტაჟურ, 1960-იანი წლების არტ პოპისთვის დამახასიათებელ საუნდსა და მელოდიურ მისამღერებს სინთეზატორების ფუტურისტული ბგერები თუ ინდი როკის ელემენტები იშვიათი ბუნებრიობით ერწყმის. ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი კომპოზიცია Andromeda გახლავთ, რომელშიც ორი ეპოქის მუსიკალურ ტენდენციებს შორის განსხვავებები თითქმის წაშლილია. ჩანაწერს დამატებით ხიბლს არტისტის მძლავრი მეცო-სოპრანო სძენს. ალბომის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიციაში Movies მერინგის შთამბეჭდავი ვოკალური მონაცემებისა და იდეალური ხმის რეჟისურის ხარჯზე ისეთი ეფექტი იქმნება, თითქოს მუსიკოსი მართლაც წყალში ჩაძირულ ოთახში მღერის.

ალბომის ლირიკა თანამედროვე სამყაროსგან იმედგაცრუებითაა შთაგონებული. ვირტუალური სასიყვარულო ურთიერთობების სიმყიფეს, ახლო ადამიანებს შორის ჩატეხილ ხიდებს, ცხოვრების აჩქარებულ ტემპსა და გარშემო გამეფებულ ნიჰილიზმს მერინგი ხან სევდიანად, ხანაც მსუბუქი ცინიზმით აღწერს. ამ ყველაფრისგან შვებას არტისტი ნოსტალგიაში პოულობს, რომელიც მისი ცნობიერების ფსკერზე "ტიტანიკის" მსგავსადაა დაძირული. 

თუმცა, ამ ღრმა მელანქოლიაში ოპტიმიზმის ნათელი სხივებიც აღწევს. მერინგი თავს ხშირად "ნოსტალგიურ ფუტურისტს" უწოდებს და მართლაც, მისი Titanic Rising ის ნამუშევარია, რომელშიც წარსულისადმი ნოსტალგია სასოწარკვეთის ნაცვლად ხვალინდელი დღის იმედს აძლიერებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული