Thumbnail

ხუთი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ. თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეული დუეტი MadGibbs ტრილოგიის მეორე ნაწილით Bandana დაგვიბრუნდა. საბედნიეროდ, ყველა ხელისშემშლელი მიზეზი წარსულს ჩაბარდა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ინდიანელმა რეპერმა, ფრედი გიბსმა ციხის საკანს თავი დააღწია და გისოსებს მიღმა დაწერილი ტექსტებით ლეგენდარული პროდიუსერის, მედლიბის კალიფორნიული სტუდიისკენ გაემართა. მეგობარი კოლეგების მომაკვდინებელი კოლაბორაციის ნანატრი შედეგი კი, როგორც იქნა, ჩვენს ფლეილისთებში გაჟღერდა.

2014 წლის კლასიკური ალბომისგან Piñata განსხვავებით, არტისტებმა ახალი ნამუშევარი მსხვილი ლეიბლის, RCA Records-ის დახმარებით გაავრცელეს. იატაკქვეშეთში სახელმოხვეჭილმა დუეტმა მსმენელთა რიცხვის გაზრდა გადაწყვიტა. MadGibss მზად არის ფართო ასპარეზისა და ნებისმიერ კოლეგასთან კონკურენციისთვის. ფრედი ამ მზაობას ხაზს ალბომის დასაწყისშივე, ტრეკში Freestyle Shit უსვამს და აცხადებს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ნარკოტიკებით ვაჭრობა იყო, მაგრამ დღეს გიბსი ფულის შოვნას ბევრად მშვიდი გზით, მუსიკალური კარიერის ხარჯზე აპირებს. ამავე თემაზე საუბრობს ის ალბომის ერთ-ერთ მთავარ კომპოზიციაში Crime Pays, რომელშიც რეპერი მშობლიური ინდიანას ყოველდღიურობას გვაცნობს. დრო გადის, თუმცა, გეტოში არაფერი იცვლება. იქ მცხოვრები აფროამერიკელების გადარჩენის ერთადერთ გზად კვლავ დრაგდილერობა რჩება. 

რთულია ემსის მოძებნა, რომელიც მედლიბთან კოლაბორაციისას არ დაიჩარგება. ამით არა რეპერების დაკნინება, არამედ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო პროდიუსერის გენიალურობის ხაზგასმა მსურს. ფრედი გიბსის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დუეტის მთავარი ხიბლი, რა თქმა უნდა, კალიფორნიელი პროდიუსერის მრავალფეროვანი ბითები გახლავთ, რომლებიც, თავის მხრივ, გასულ საუკუნეში გამოცემულ ვინილებში საათობით ქექვის, გემოვნებიანი სელექციისა და სემპლინგის შედეგია. 

მსხვილ ლეიბლთან გაფორმებული კონტრაქტი ავტომატურად მეინსტრიმისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ნაბიჯის სიგრძე და არა მისი მიმართულება. პირველ რიგში, სწორედ აქ ვგრძნობთ მედლიბის ოსტატობას, რომელმაც 5 წლის განმავლობაში ალბომის თითოეული დეტალი სრულყოფილებამდე დახვეწა. ისეთი თრეფ ბენგერები, როგორებიცაა Half Manne Half Cocaine და Situations სიახლეა მის შემოქმედებაში, თუმცა, მათთან ერთად ჟღერადობით დუეტის პირველ ალბომში წარმოდგენილი ტრეკების მსგავს ნამუშევრებსაც ვხვდებით, მაგალითისთვის კომპოზიციას Fake Names.

მოკლედ რომ ვთქვათ, 5 წელს ფუჭად ნამდვილად არ ჩაუვლია და ლოდინი ნამდვილად ღირდა, ფრედი გიბსმა და მედლიბმა წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი შემოგვთავაზეს. და გახსოვდეთ, 5 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდებით. 2024 წელს კოლეგები ტრილოგიის ბოლო ნაწილით დაგვიბრუნდებიან.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული