Thumbnail

ლეგენდარული ავსტრალიური კოლექტივის შემოქმედებაში ეს ალბომი იმ ტრილოგიის ფინალური ნაწილია, რომელიც 2013 წელს Push the Sky Away-თ დაიწყო და სამი წლის შემდეგ Skeleton Tree-თი გაგრძელდა. თავის დროზე ამ უკანასკნელის პირქუში განწყობა მსმენელებმა თუ კრიტიკოსებმა ბენდის ფრონტმენის, ნიკ ქეივის ვაჟის გარდაცვალებას მიაწერეს. თუმცა, ტრაგიკულ შემთხვევამდე ნამუშევარი თითქმის მთლიანად იყო დასრულებული, შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი კი მუსიკოსმა სწორედ Ghosteen-ში ასახა.

ალბომის შინაარსის შესახებ პირველად წარმოდგენას გარეკანზე სამოთხის კიტჩური გამოსახულება და მისი სახელწოდება გვიქმნის, რომელიც სიტყვაზე Ghost (ინგ: მოჩვენება, აჩრდილი) ირლანდიურ ენაში გავრცელებული ბოლოსართის een დამატებითაა მიღებული და შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც "პატარა მოჩვენება".

ოჯახურ ტრაგედიასთან გამკლავების გზას ქეივი ემპათიაში, სიყვარულსა და სიმშვიდეში ხედავს, ნამუშევრის ლირიკაც რელიგიური ალუზიებითაა სავსე და ეს ყველაფერი სრულიად განსხვავდება იმ ბნელი, გოთიკური ატმოსფეროსგან, რომელიც აქამდე ბენდის შემოქმედების თითქმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

აქ ქეივის საფირმო შესრულების მანერის ნატამალსაც ვერსად ნახავთ. მუსიკოსის ღრმა ბარიტონი საგრძნობლადაა დარბილებული და ნიკი ხანდახან მისი სტილისთვის სრულიად უჩვეულო ფალცეტებსაც კი გვთავაზობს, რომლებსაც პერიოდულად ჰარმონიული გალობა ერწყმის. Ghosteen-ში ბენდს გიტარები და დასარტყამები თითქმის არ გამოუყენებია. მათ ნაცვლად ჩანაწერის ინსტრუმენტალი ვიბრაფონზე, ფლეიტაზე, ფორტეპიანოსა და სინთეზატორებზეა აგებული. ალბომის გაბმულ, ემბიენთ ჟღერადობაში რიტმს დისონანსი სულ რამდენიმეჯერ შემოაქვს და ამ შემთხვევებშიც ეს ზოგად ემოციურ ფონს არ არღვევს.

ალბომის ფილოსოფიის ამოსავალ წერტილს უკანასკნელი კომპოზიციის Hollywood ტექსტში ვაწყდებით, რომელიც კისა გოტამის ლეგენდაზე მოგვითხრობს. დიდგვაროვანმა, მდიდარმა ქალმა ბუდას ერთადერთი შვილის გაცოცხლება სთხოვა, მან კი სურვილის შესრულების სანაცვლოდ დაავალა, შემოევლო  სოფელი და შეეგროვებინა მდოგვის მარცვლები თითოეული ოჯახიდან, რომელშიც არასდროს არავინ მომკვდარიყო. ბევრი მცდელობის მიუხედავად, კისამ ვერ იპოვა სახლი, სადაც ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ განეცადათ. მან სიკვდილის გარდაუვალობა გააცნობიერა, ბედისწერას დამორჩილებულმა შვილი დამარხა, თავად კი ბუდასთან დაბრუნდა, რათა მისი მოწაფე გამხდარიყო. ქეივმაც გამოსავალი სწორედ ამაში იპოვა - რეალობისგან გაქცევის ნაცვლად, მასთან შეგუებასა და ტკივილთან ერთად ცხოვრების სწავლაში.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული