Thumbnail

ლეგენდარული პროგრესივ მეტალ ბენდის თაყვანისმცემლები მათ ახალ სტუდიურ ნამუშევარს ისეთი ერთგულებით ელოდებოდნენ, რომ ამ თვისებით განთქმული ჰაჩიკოს რეკორდიც კი გააუმჯობესეს. ნაწილი ირწმუნებოდა, Tool-ის იმ დროისთვის უკანასკნელი ალბომის სახელწოდება 10,000 Days მინიშნებად უნდა მივიღოთ და 2033 წლამდე მოვიცადოთო, სხვები კი ერთი-მეორეზე გიჟურ შეთქმულების თეორიებს ავრცელებდნენ.

ამიტომ, როცა ჯგუფმა გადაჭრით განაცხადა, მომდევნო ჩანაწერი დღის სინათლეს 2019 წლის აგვისტოში იხილავსო, ბევრმა ეს მორიგ უკბილო ხუმრობად ჩათვალა. თუმცა, ცამეტწლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი Fear Inoculum მართლაც გამოიცა და ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილისკენ ტრიუმფალური სვლისას ტეილორ სვიფტი და ლიდერობას შეჩვეული სხვა პოპ ვარსკვლავები უკან ჩამოიტოვა.

ახალ ალბომში კოლექტივისთვის ჩვეული ხარისხის დონე შენარჩუნებულია. სონგრაითინგის მრავალნაცადი ფორმულა - ურთულესი პოლირიტმებით, ბასის მკვეთრი ბგერებით, გიტარის აგრესიული ჟღერადობითა და ხანგრძლივი კომპოზიციების რამდენიმე განსხვავებულ სექციაზე აგებით, თითქმის უცვლელი. ლირიკა კი, ტრადიციისამებრ, ნაწილობრივ აღმოსავლური მისტიციზმით, ნაწილობრივ კი თანამედროვე სამყაროს მძიმე რეალობითაა შთაგონებული.

ინოვაციების სიმწირის გამო, მსმენელთა ნაწილი ნამუშევრით უკმაყოფილო დარჩა. თუმცა, Tool იმდენად უნიკალური, განუმეორებელი ხელწერით გამოირჩევა, რომ საკუთარ სტილში რადიკალური ცვლილებების შეტანა ყველაზე ნაკლებად სწორედ მათ უნდა მოეთხოვებოდეთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული