Thumbnail

ბოლო დროს პოსტ პანკ ბენდები სოკოებივით მომრავლდნენ, თუმცა, ირლანდიურმა კოლექტივმა Fontaines D.C. სადებიუტო ალბომით Dogrel ყურადღების მიპყრობა მარტივად მოახერხა. ამ ჩანაწერში ჟანრისთვის დამახასიათებელ თითქმის ყველა ელემენტს ვაწყდებით - ბასის გამოკვეთილი პარტიები, დასარტყამების მონოტონური რიტმები და დეპრესიული, დეკადენტური ლირიკა. ამავდროულად, ჯგუფის ხელწერა, რომელიც პროტოპანკის ხისტი ჟღერადობის როკ მუსიკის თანამედროვე ტენდენციებზე მორგებას გულისხმობს, ინდივიდუალურია და მასში ვინმეს ბრმად კოპირების მცდელობა არ იგრძნობა.

ნამუშევარს განსაკუთრებულ ხიბლს გრიენ ჩატენის სპეციფიკური ვოკალი სძენს, რომლის მკვეთრი აქცენტიც ძალაუნებურად მის გამოჩენილ კოლეგებს, მარკ სმიტსა (The Fall) და შეინ მაკგოუენს (The Pogues) მოგვაგონებს. მისი იენ კერტისისეული, ნერვული სასცენო ჟესტიკულაცია კი, ალბათ, ყველაზე მეტადაა "დამნაშავე" იმაში, რომ ბენდი კრიტიკოსებისა თუ მსმენელების მხრიდან ლეგენდარულ Joy Division-თან უსაფუძვლო შედარებას ვერ ასცდა.

Dogrel-ში ირლანდიური იდენტობის გამოძახილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. იქაური ყოველდღიურობა და გარემო ჯეიმს ჯოისისეული დეტალურობითაა აღწერილი. წვიმიანი დუბლინი აქ ერთდროულად მომაბეზრებელიცა და მომაჯადოებელიც, ახალბედა ბენდის მხრიდან წარმატების მიღწევის სურვილში სერიოზული ამბიციაც იგრძნობა და თვითირონიაც, ადგილობრივი სოციუმისადმი მუსიკოსების დამოკიდებულება კი აშკარად გაორებულია.

Fontaines D.C. ის ჯგუფია, რომლის წევრებისთვისაც ნონკონფორმიზმი ბუნებრივი მდგომარეობაა და არა ხელოვნური პოზა. სწორედ ეს გულწრფელობა სძენს განსაკუთრებულ ხიბლს მათ სადებიუტო ალბომს, რომელმაც დამწყებ კოლექტივს უკვე მოუხვეჭა თანამედროვე პოსტ პანკ სცენის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და იმედისმომცემი წარმომადგენლის სტატუსი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული