Thumbnail

რეცენზია: The Comet Is Coming - Trust in the Lifeforce of the Deep Mystery

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ბრიტანული ჯაზ ტრიოს The Comet Is Coming მეორე სტუდიურმა ალბომმა ნათლად დაგვანახა, რომ ჯგუფის ლიდერის, შაბაკა ჰატჩინგსის პროექტებს (Sons of Kemet, Shabaka & the Ancestors და სხვა) შორის ყველაზე საინტერესო და თვითმყოფადი სწორედ ეს ბენდია.

Trust in the Lifeforce of the Deep Mystery-ში სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებსა და სპირიტუალიზმით შთაგონებას შორის ზღვარი იშლება, ლეგენდარული სან რას აფროფუტურისტული იდეალების გავლენა კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ჩანაწერის უმთავრესი ღირსება მისი უჩვეულოდ მრავალფეროვანი ჟღერადობაა - აქ ელექტრონული მუსიკა, ფანკი, ემბიენთი, ჯაზი და ფსიქოდელია იმდენად შთამბეჭდავად ერწყმის ერთმანეთს, რთულად დასაჯერებელიცაა, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ სამი მუსიკოსი ქმნის.

ალბომი ჯაზ ფიუჟენის კვალობაზეც კი ადრენალინის არნახული დოზითაა გაჟღენთილი. დასარტყამი ინსტრუმენტების რიტმულ პარტიებს სინთეზატორის ფუტურისტული ბგერები ერწყმის, მათ ფონზე კი ჰატჩინგსის მიერ ხან საქსოფონზე, ხანაც ბას კლარნეტზე შესრულებული იმპროვიზაციები პირველყოფილი ენერგიით დამუხტულ ატმოსფეროს ქმნის.

ნამუშევარში შესული კომპოზიციებიდან ტექსტი მხოლოდ Blood of the Past-ს ახლავს, თუმცა, დანარჩენ ტრეკებში ალბომის პათოსი ყოველგვარი ლირიკის გარეშეც ნათლადააა ასახული. ეს ჩანაწერი ერთგვარი რექვიემია ძალადობით სავსე, კონსუმერისტული, გასანადგურებლად განწირული სამყაროსთვის, რომელიც ფატალისტური განწყობის ნაცვლად, სიცოცხლისა და მისი თვითგანახლების მისტიკური ძალის მიმართ რწმენას ასხივებს.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული