Thumbnail

დავით ზურაბიშვილის 5 საყვარელი სიმღერა

პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილის 5 საყვარელი კომპოზიცია.

როდესაც შემომთავაზეს, 5 საყვარელი სიმღერა ჩამომეთვალა, ცოტა საგონებელში ჩავვარდი, რადგან ჩემი საყვარელი სიმღერების რიცხვი ბევრად აღემატება ხუთს და სულ სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებას მოიცავს. ამიტომ გადავწყვიტე, შემერჩია ისეთი ტრეკები, რომლებიც განსაკუთრებით დამამახსოვრდნენ ახალგაზრდობაში და რომლებმაც ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე სერიოზული გავლენა იქონიეს.

1. The Beatles - Rocky Raccoon

დავიწყებ ჩემი თაობის მუსიკალური პატრიარქებით, "ბითლზებით". The Beatles არ იყო მხოლოდ პოპულარული ჯგუფი. ჩემი თაობისთვის ის იყო კონკურსგარეშე ჯგუფი, ყველა სხვა ბენდსა და მიმდინარეობაზე მაღლა მდგომი. ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა კი, რომელიც ჩემთვის ასოცირდება ლივერპულური კვარტეტის ფართო დიაპაზონთან და მრავალფეროვნებასთან, არის Rocky Raccoon "თეთრი ალბომიდან".

პირველად რომ მოვისმინე, არ ვიცოდი, რაზე იყო ტექსტი, მაგრამ გარდა ფრიად ორიგინალური, მაგრამ მაინც "ბითლზური" ქანთრი-ფოლკ-როკ-ფსიქოდელიური მიქსისა, აქ სახუმარო ინტონაციები წმინდა მუსიკალურ დონეზეც კი იგრძნობოდა. სულ ვფიქრობდი, რაღაც სასაცილო ამბავს გვიყვებიან-მეთქი. არადა ამბავი კია სახუმარო, მაგრამ თან ცოტა სევდიანიც, ისევე, როგორც თავად სიმღერა.

2. Black Sabbath - Paranoid

იდგა 1972 წელი. მერვე კლასის დასრულების ბანკეტი გვქონდა და იქ პირველად მოვისმინე ჩემთვის მანამდე უცნობი ბენდის სრულიად განსხვავებული ჟღერადობა. აღმოჩნდა, რომ ესაა მძიმე ანუ ჰარდ როკი, ჯგუფს კი ჰქვია უცნაური სახელი "შავი შაბაში".

იმ დღიდან გავხდი ჰარდ როკის სერიოზული ფანი. ბანკეტის მეორე დღეს კი ფუნდამენტურად ჩავუჯექი ბაბინებიან მაგნიტოფონს და საათნახევარი გადაბმულად ვუსმინე ჯგუფის ყველა ალბომს. ეს სიმღერა მაშინ გამორჩეულად ჰიტურად მომეჩვენა და სულ გადახვევა-გადმოხვევებით ვცდილობდი, სიტყვები გამერჩია და დამემახსოვრებინებინა. სად იყო მაშინ ინტერნეტი, იუთუბი და კაი ცხოვრება, ეჰ. 

3. Genesis - The Musical Box

ჰარდ როკის მერე იყო არტ როკი და პროგრესივ როკი. პოპკულტურის და ე.წ. სერიოზული მუსიკის შერწყმის საკმაოდ სერიოზული მცდელობა და სერიოზული ჯგუფი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ესაა ადრეული Genesis პიტერ გებრიელით და სტივ ჰეკეტით.

განსაკუთრებით მომწონდა ეს გრძელი კომპოზიცია თავისი მოულოდნელი გადასვლებით, მეტადრე შუიდან, ჰეკეტი რომ სოლოს იწყებს. 

4. Pink Floyd - The Gunner’s Dream

აბა, პროგრესივ როკით გატაცება "პინკ ფლოიდის" გარეშე ხომ ვერ ჩაივლიდა? როკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის ყოველი ალბომი ნამდვილი ეპოქალური მოვლენა იყო, ერთმანეთზე უკეთესი კომპოზიციებით, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ორიგინალობა, მრავალფეროვნება, მუსიკალური პალიტრის სიმდიდრე, მელოდიურობა, ფსიქოდელიურობა და ინტელექტი.

ბევრი სიმღერა მიყვარს ამ ჯგუფის. მაინცდამაინც ეს სიმღერა კი საპატიო ხუთეულში იმიტომ მოვახვედრე, რომ ვფიქრობ, გარკვეულწილად არ გაუმართლა და უსამართლოდ დაიჩაგრა. არადა იმ მომენტზე, უოტერსი რომ გაწევს ხმას გაბმულად და მერე ნელ-ნელა გადადის საქსოფონში, დღემდე ისევე მაჟრჟოლებს, როგორც პირველი მოსმენისას.

5. Bob Dylan - Brownsville Girl

და ბოლოს, ბობ დილანი, რომელიც დღემდე რჩება ჩემს გამორჩეულად საყვარელ შემსრულებლად. ჰარდ, არტ და მერე კიდევ პანკ როკით დაინტერესებულ ახალგაზრდას კარგა ხანს არ მიმიქცევია ყურადღება ამ საკულტო ფიგურისთვის, რომელიც უფრო საავტორო აკუსტიკური ბალადების შემსრულებლად მესახებოდა, სანამ ჩემი აწ განსვენებული მეგობრის, რამაზ ვასაძის დაჟინებული თხოვნით არ მოვუსმინე ბუდოკანის ორდისკიან ლაივ-ალბომს და ის დღე იყო და ის დღე. მაშინ დავრწმუნდი, რომ დილანი არა მარტო დიდებული პოეტია, არამედ ბრწყინვალე და ორიგინალური მუსიკოსიც, რომელიც ლამის ყველანაირ სტილსა და მიმართულებას ორგანულად ირგებს.  

ცოტა ვინმეს თუ აქვს დაწერილი კლასიკად ქცეული ამდენი ჰიტი, რომელსაც მრავალი მუსიკოსი მღერის მრავალნაირი ქავერ-ვერსიით. ამ მხრივ მარტო Knockin’ on Heaven’s Door  ან All Along the Watchtower რად ღირს? თუმცა, ამჯერად მაინც ერთ, ჩვენში შედარებით ნაკლებად პოპულარულ სიმღერას მინდა მივაგო რჩეულ ხუთეულში მოხვედრის პატივი, რადგან, ჩემი აზრით, ამ ეპიკურ ბალადაში პოეზიაც უმაღლესი დონისაა და შესრულების მანერაც უაღრესად ორიგინალური და დილანისთვის დამახასიათებელი, როდესაც იმდენად არ მღერის, რამდენადაც ლაპარაკობს.

არის ლეგენდა, რომ თავად ლეგენდარულ მიკ ჯაგერს ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ უთქვამს, ნეტავ, ეგეთი რამ დამაწერინა ცხოვრებაში და საერთოდ შევეშვებოდი მუსიკის წერასო. არ ვიცი, ეს ამბავი რამდენადაა სიმართლე, მაგრამ სიმღერა ასეთ ლეგენდას ნამდვილად იმსახურებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული