Thumbnail

ცნობილი მუსიკოსები თაყვანისმცემლების ყურადღებით განებივრებულები არიან. კონცერტებზე, წითელ ხალიჩასა თუ, უბრალოდ, ქუჩაში სეირნობისას, არაერთი ადამიანი ცდილობს მათთან მიახლოებასა და გამოლაპარაკებას. თუმცა, ვარსკვლავობამდე მათაც ჰყავდათ კერპები, რომლებთანაც შეხვედრა მათთვის ახლაც კი განსაკუთრებულად ემოციურია.

წარმოგიდგენთ ვიდეოებს, რომლებშიც მუსიკოსები საყვარელ არტისტებს ხვდებიან.

Billie Eilish ⇒ Justin Bieber

ამერიკელი მომღერალი, ბილი აილიში თანამედროვე პოპ სცენის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი იმიჯი და შემოქმედება ისეთ არტისტებს მოსწონთ, როგორებიც არიან: ტომ იორკი, ელტონ ჯონი, ლანა დელ რეი და სხვა. ამის მიუხედავად, 2019 წლის აპრილში ფესტივალ "კოაჩელაზე" ბავშვობის კერპთან, კანადელ ჯასტინ ბიბერთან შეხვედრამ 17 წლის ბილი ძალიან დააბნია.

Selena Gomez ⇒ Shia LaBeouf

ამერიკელი პოპვარსკვლავი, სელენა გომესი ფილმ ტრანსფორმერების“ ვარსკვლავის, მსახიობ შაია ლაბუფის დიდი თაყვანისმცემელია. მას შემდეგ, რაც არტისტები 2011 წელს ნიუ იორკში, ერთსა და იმავე ღონისძიებაზე აღმოჩნდნენ, სელენას ასისტენტებმა მომღერლისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტეს და სწორედ იმ საგრიმიოროში შეიყვანეს, რომელშიც შაია იმყოფებოდა. გომესი ლაბუფის დანახვამ ისე დააბნია, რომ რამდენიმე წამში სხვა ოთახში გაიქცა. 

Nicki Minaj ⇒ Lauryn Hill

ცნობილ ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტს, ნიკი მინაჟს ლეგენდარული მუსიკოსის, ლორინ ჰილის დანახვისას დამალვა აზრადაც არ მოსვლია. ძვირფას ბეწვში გამოწყობილმა ნიკიმ ლორინს დაუჩოქა კიდეც.

P!nk ⇒ Johnny Depp

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ფინქმა ჯიმი კიმელის შოუში სტუმრობისას თავის კერპთან, მსახიობ ჯონი დეპთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. არტისტის თქმით, ეს მისთვის საკმაოდ უსიამოვნო მოგონებაა, რადგან მაშინ ისე დაიბნა, რომ დაიმალა. მას შემდეგ კი, რაც ქმარმა ჯონისთან მისვლა აიძულა, სიტყვებსაც კი ვერ მოუყარა თავი. გადაცემაში მყოფ მუსიკოსს დიდი უხერხულობა ჯერ კიდევ წინ ელოდა, რადგან სტუდიაში მოულოდნელად ჯონი დეპი შემოვიდა.

Ariana Grande ⇒ Jim Carrey

პოპვარსკვლავ არიანა გრანდეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მსახიობი ჯიმ ქერი ბავშვობიდან ძალიან უყვარს. 2019 წლის აგვისტოში ამერიკული სატელევიზიო შოუს Kidding გადასაღებ მოედანზე მომღერალი საკუთარ კერპს შეხვდა, რა დროსაც ცრემლები ვერ შეიკავა.

საყვარელი მუსიკოსის დანახვისას ემოციის შეკავება თავად ჰოლივუდის მსახიობებსაც კი უჭირთ:

Julia Roberts ⇒ Gwen Stefani

პოპვარსკვლავი გვენ სტეფანი 2001 წელს ფილმის The Mexican პრემიერაზე მიიწვიეს. არტისტი კამერების წინ პოზირებდა, როდესაც მასთან მსახიობი ჯულია რობერტსი მივიდა და აღფრთოვანებული გადაეხვია. ჯულია იმ დღეს წითელი ხალიჩის ვარსკვლავი იყო, რადგან კინოსურათში ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ ის ასრულებს. საყვარელი მომღერლის დანახვისას მან იყვირა: "ღმერთო ჩემო, იქ გვენ სტეფანია". 

"მამა, მას მე მოვწონვარ, ხედავ?", - მიმართა გვენმა მშობელს პირდაპირ ეთერში.

Anne Hathaway ⇒ Mariah Carey

წითელ ხალიჩაზე შედგა მსახიობ ენ ჰეთეუეისა და მომღერალ მერაია ქერის შეხვედრაც. მერაია სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, რომლის ხილვაც ენს ყველაზე მეტად გაახარებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული