Thumbnail

ნიკ ქეივი 16 წლის გოგონას: შენ არ ხარ ერთადერთი, ვისაც სარკე მტერი ჰგონია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ავსტრალიელ არტისტს, ნიკ ქეივს თავისი ვებგვერდის The Red Hand Files საშუალებით რომში მცხოვრებმა 16 წლის თაყვანისმცემელმა, ბარბარამ შეკითხვა გაუგზავნა და რჩევაც სთხოვა.

► მოუსმინეთ: Nick Cave And The Bad Seeds-მა ახალი ალბომი Ghosteen გამოუშვა

 ნახეთ: ნიკ ქეივმა დენიელ ჯონსტონის კომპოზიცია Devil Town შეასრულა

"ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ჩემს სხეულში არაფერი მომწონს, ჩემი თავი მეზიზღება, როდესაც სარკეში ვუყურებ. ამ ყველაფერს ძალიან დიდი ტკივილი მოაქვს ჩემთვის. მგონია, რომ ყველა მჯობია. როგორ მოვიქცე? რა მოვუხერხო საკუთარ თავს?", - ჰკითხა გოგონამ მუსიკოსს.

ნიკ ქეივმა ბარბარას ვრცელი პასუხი მისწერა:

"პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ მენდე და შენი მტკივნეული გულისნადები გამიზიარე. ჩემს მეგობარ ქალებს ველაპარაკე, მათზე ძალიან იმოქმედა შენმა გულახდილობამ და ყველა ზუსტად მიხვდა, რას გულისხმობ. როგორც ჩანს, შენ არ ხარ ერთადერთი, ვინც სარკეს მტრად აღიქვამს, თუმცა, ნამდვილად იმ იშვიათთაგანი ხარ, ვინც ამ თემაზე სხვას ესაუბრება.

შენმა შეკითხვამ ჩემი თინეიჯერობის კოშმარული წლები გამახსენა, როდესაც შეუბრალებელ სარკეში ვიყურებოდი. მინდა, გითხრა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მუდმივი თვითკრიტიკა არ იკლებს, თუმცა, ამ ყველაფრის მართვა ნამდვილად შეგიძლია. ბოლო პერიოდში ძირითადად სასტუმროებში ვცხოვრობ, ფრთხილად შევდივარ ხოლმე აბაზანაში, სარკეში ვიხედები და თავს დაუცველად ვგრძნობ. ჩემს შიშველ სხეულს ვხედავ, რომელიც ფორმას სულ უფრო კარგავს.

მაგრამ, ცხადი ისაა, რომ სარკე პიროვნებას არ ასახავს, ის მხოლოდ ჩვენს საფარველს აჩვენებს. ჩვენი ადამიანობა და სისუსტე არის ჩვენი სიმდიდრე. ახალგაზრდობისას სისუსტე სირცხვილი და ნაკლი გვგონია. ისინი კი, ვინც თავს ზედმეტად თავდაჯერებულად წარმოაჩენენ, ამბობენ, რომ არაფერი აწუხებთ და უჭირთ, მალავენ იმ მახასიათებლებს, რაც მათ მშვენიერსა და ადამიანურს ხდის.

ჩვენი სისუსტე საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთი ვიპოვოთ, დავინახოთ სხვებში ის დისკომფორტი, რაც ჩვენშია. 

ბარბარა, შენ მკითხე, როგორ მოვიქცეო. გთხოვ, თავს გაუფრთხილდი. ეძიე მხოლოდ დადებითი ინსპირაციები, ურთიერთობები და საიმედო მეგობრები. ეცადე, იუმორის გრძნობა გამოიმუშავო. ყველაფერს მამაცი გულით შეხედო და საკუთარი თავის მადლობელი იყო. იყავი კეთილი", - მიმართა გოგონას არტისტმა.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული