Thumbnail

ეს სია მუსიკის სამყაროს ყველაზე დაუფასებელ წარმომადგენლებს ეძღვნება. როგორც წესი, საშუალო სტატისტიკური მსმენელი ბასის ღრმა ბგერებს ნაკლებად ამჩნევს და ამ ინსტრუმენტის ვირტუოზთა დამსახურებაც ჩრდილში ყველაზე ხშირად ექცევა. რეალურად კი, ისეთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციები, როგორიცაა კომპოზიციის ჰარმონიული საფუძვლის აგება და რიტმ სექციის გაძღოლა, მეტწილად სწორედ ბასისტს აკისრია.  

ჩვენს დღევანდელ სტატიაში ყველა დროის 50 საუკეთესო ბასისტს გაგაცნობთ. სიის დაკომპლექტებისას მხედველობაში ისეთი კრიტერიუმები მივიღეთ, როგორიცაა: დაკვრის ტექნიკა, არტისტის ცნობადობა და ნამუშევრების პოპულარობა, ინსტრუმენტთან ინოვაციური მიდგომა და სხვა. თუმცა, ბუნებრივია, რომ საუკეთესო გიტარისტების სიის მსგავსად, ყველა ბრწყინვალე შემსრულებლისთვის ადგილი აქაც ვერ მოიძებნა.

► ყველა დროის 50 საუკეთესო გიტარისტი

50. Pino Palladino

უელსელი მუსიკოსი სხვადასხვა ჟანრის არტისტებთან თანამშრომლობისას საკუთარ სტილს ქამელეონივით ცვლის. დი'ენჯელოსთან კოლაბორაციისას ნეოსოულის ტრადიციებს საოცრად ბუნებრივად ერგება, Nine Inch Nails-თან კი ინდასტრიალის პირქუშ ჟღერადობას ქმნის. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პინო პალადინო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სესიური ბასისტია.

49. Jack Casady

Jefferson Airplane-ის ბასისტს უდიდესი დამსახურება მიუძღვის ე.წ. სან ფრანცისკოული ჟღერადობის ჩამოყალიბებაში, რომელიც ფსიქოდელიური როკის ქვაკუთხედად იქცა. ჯეკ კესედის დაკვრის მრავალფეროვანი მანერა კლასიკური მუსიკით, ფრი ჯაზითა და დელტა ბლუზით იყო შთაგონებული. მისი კარიერის კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მონაკვეთად კი საკულტო გიტარისტთან, ჯიმი ჰენდრიქსთან კოლაბორაცია შეგვიძლია, მივიჩნიოთ.

48. Ray Brown

ლეგენდარული კოლექტივის, Modern Jazz Quartet-ის დამაარსებელი ბიბოპის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იდეალური ინტონაციითა და სიზუსტით განთქმულმა კონტრაბასისტმა, ჩარლი პარკერთან, ოსკარ პიტერსონთან და ჯაზის სხვა კორიფეებთან თანამშრომლობით, გამორჩეული წვლილი შეიტანა ამ მიმდინარეობის განვითარებაში.

47. Mark Sandman

ამერიკული ალტერნატიული როკ ბენდის, Morphine-ის ჟღერადობა დაბალი რეგისტრის ტონებზე იყო აგებული. მუსიკოსებმა პრინციპული უარი თქვეს ელექტროგიტარის ხმაზე და ჩანაწერებს მხოლოდ ბასის, საქსოფონისა და დასარტყამი ინსტრუმენტების საშუალებით ქმნიდნენ. წამყვანი ინსტრუმენტის როლი სწორედ ბას გიტარას ეკუთვნოდა, რომელზეც ჯგუფის ფრონტმენი, მარკ სენდმენი განუმეორებლად უკრავდა. 

46. Kim Deal

ლეგენდარული The Pixies-ის ბასისტის, კიმ დილის შესრულების მანერა იდეალურად ერგებოდა ამ ბოსტონური კოლექტივის აგრესიულ, დინამიკურ ჟღერადობას, რომელიც გრანჟის ერთგვარ წინამორბედად იქცა. მისი სპეციფიკური ვოკალი კი ჯგუფის ფრონტმენის, ბლექ ფრენსისის ხმასთან ძალზე საინტერესო კონტრასტს ქმნიდა. ამიტომ, ის ფაქტი, რომ ბენდის სტუდიური შემოქმედების ხარისხი მის წასვლასთან ერთად მკვეთრად დაეცა, დიდ გაკვირვებას ნამდვილად არ იწვევს.

45. Anthony Jackson

ენტონი ჯექსონის სახელს უამრავი ინოვაცია უკავშირდება, დაწყებული ექვსსიმიანი ელექტრონული კონტრაბას გიტარის გამოგონებით, დამთავრებული ამ ინსტრუმენტზე ფორტეპიანოს დაბალი ოქტავების ჟღერადობის სრულყოფილი სიმულირებით. ამ მიღწევებზე არანაკლებ შთამბეჭდავია მისი დისკოგრაფია, რომელიც ჩაკა ხანთან, ელ დი მეოლასთან და სხვა ლეგენდარულ არტისტებთან თანამშრომლობით ჩაწერილ ხუთასზე მეტ ალბომს აერთიანებს.

44. Steve Di Giorgio

სტივ დი ჯორჯიო დეს მეტალის ისტორიაში საუკეთესო ბასისტადაა აღიარებული. ამერიკელი მუსიკოსი ჟანრის წარმომადგენელთაგან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ ინსტრუმენტის ულადებო მოდელების გამოყენება დაიწყო. ჯაზითა და პროგრესივ როკით შთაგონებულმა მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში არაერთი კოლექტივის, მათ შორის ეპოქალური Death-ის შემადგენლობაში მოღვაწეობით გაითქვა სახელი.

43. Dave Holland

ძალზე რთულია, ისეთი ჯაზ ბასისტის პოვნა, რომელიც სცენაზე 1960-იანი წლების მეორე ნახევრის შემდეგ გამოჩნდა და დეივ ჰოლანდის გავლენა არ განუცდია. სახელოვანი შემსრულებლის კარიერა მუდმივი ძიების პროცესია, რომლის ფარგლებშიც მან არაერთ ეპოქალური მნიშვნელობის პროექტში მიიღო მონაწილეობა. მათ შორისაა მუსიკოსის შემოქმედების მწვერვალი, მაილს დევისის ჯაზ ფიუჟენ შედევრი Bitches Brew. 

42. Bill Laswell

ბილ ლასველის სახელს მუსიკის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი უკავშირდება. ამერიკელმა არტისტმა ბრაიან ინოსთან ერთად სემპლინგზე დაფუძნებულ ერთ-ერთ პირველ ალბომზე My Life in the Bush of Ghosts იმუშავა, ჰერბი ჰენკოკთან კი ეპოქალური სინგლის Rockit ჩაწერისას ითანამშრომლა, რომელმაც სქრეჩინგის გავრცელებას შეუწყო ხელი. ამ და სხვა არაერთი საინტერესო პროექტის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ვირტუოზი ბასისტი მუსიკალურ იატაკქვეშეთში საკულტო ფიგურად ითვლება.

41. Willie Dixon

ლეგენდარული ბასისტის დაკვრის სტილმა თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ტრადიციული ბლუზის წიაღიდან როკ-ენ-როლის დაბადებაში. ჩაკ ბერის ბენდში ვილი დიქსონის მოღვაწეობა მხოლოდ რიტმ სექციის გაძღოლით არ შემოიფარგლებოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი საკომპოზიტორო ნიჭიც. Hoochie Coochie Man, I Just Want to Make Love to You და დიქსონის სხვა ნამუშევრები ორივე ზემოხსენებული ჟანრის სტანდარტებად იქცნენ.

40. Victor Wooten

ვიქტორ ვუტენი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ბასისტად არა მხოლოდ ამ ინსტრუმენტთან მიდგომის, არამედ, ზოგადად, მუსიკის კონცეფციის ძირფესვიანად გადააზრებამ აქცია. ამერიკელმა არტისტმა წარმატებული სოლო კარიერითა და კოლეგებთან, მარკუს მილერთან და სტენლი კლარკთან ერთად ჩამოყალიბებულ სუპერჯგუფში, SMV-ში მოღვაწეობით გაითქვა სახელი.

39. Roger Glover

ლეგენდარული კოლექტივების, Deep Purple-ისა და Rainbow-ს წევრი მოზარდობისას გიტარაზე უკრავდა (სიმღერის Maybe I'm a Leo გიტარის პარტია სწორედ მის მიერაა დაწერილი), თუმცა, საბოლოდ არჩევანი ბასზე შეაჩერა. ინგლისელმა მუსიკოსმა თავის დროზე ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც ეს უკვდავი კომპოზიციაც მეტყველებს.

38. Simon Gallup

ისეთ კოლექტივებში, რომელთა სათავეშიც რობერტ სმიტის მსგავსი საკულტო ფიგურები დგანან, სხვა წევრების ტალანტი ხშირად ჩრდილში ექცევა. ალბათ, ამიტომაც გვხვდება საიმონ გელაპის სახელი ყველა დროის საუკეთესო ბასისტების სიაში ასე იშვიათად. ინგლისელი მუსიკოსის ნიჭის სათანადოდ შესაფასებლად The Cure-ს ამ კომპოზიციის მოსმენაც კმარა, რომელსაც პოსტ პანკის ისტორიაში ბასის ერთ-ერთი საუკეთესო პარტია გამოარჩევს.

37. Thundercat

არენბი, ჰიპ ჰოპი, მეტალი, ჯაზი, ელექტრონიკა, ნეოსოული... Thundercat-ის ფსევდონიმით ცნობილმა სტივენ ლი ბრუნერმა კარიერის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა პოპულარული მიმდინარეობის წარმომადგენლებთან ითანამშრომლა და თითოეული კოლაბორაციისას შეუდარებელი იყო. ცალკე აღნიშვნის ღირსია თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ბასისტის სოლო შემოქმედება, რომელიც, მისი ექსპერიმენტული ხასიათის მიუხედავად, მნიშვნელოვანი პოპულარობითა და კომერციული წარმატებით სარგებლობს.

36. Sting

სტინგის შემოქმედების შეფასებისას რიგით მსმენელებს ხშირად შეუმჩნეველი რჩებათ ის უდიდესი საშემსრულებლო პროფესიონალიზმი, რომელიც მისი, ერთი შეხედვით, მარტივი ჰიტების მიღმა იმალებაThe Police-ის ყოფილ ფრონტმენს ხმის უნიკალური ტემბრის გარდა, ბას გიტარაზე შესრულებული, რეგეიტონით შთაგონებული ურთულესი პარტიები გამოარჩევს.

35. John Myung

ამერიკული პროგრესივ მეტალ ბენდის, Dream Theater-ის ნებისმიერი კომპოზიციის ერთხელ მოსმენაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ჯონ მაიანგი ჩვენს სიაში ადგილს სავსებით ღირსეულად იკავებს. სიტყვაძუნწობითა და წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობით ცნობილი მუსიკოსი, ტექნიკური თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უნაკლო შემსრულებელია.

34. Eddie Gomez

ედი გომესმა სხვადასხვა დროს მაილს დევისითა და ბენი გუდმენით დაწყებული, ჯონ კოლტრეინითა და ჰერბი ჰენკოკით დასრულებული, არაერთ გამოჩენილ ჯაზმენთან ითანამშრომლა. თუმცა, მისი კარიერის საუკეთესო მონაკვეთად ბილ ევანსის ტრიოში გატარებული წლები ითვლება. წარმოშობით პუერტორიკოელი კონტრაბასისტის შესრულების მანერა ხომ იდეალურად ერგებოდა ლეგენდარული პიანისტის კლასიკური იმპრესიონიზმით შთაგონებულ ნამუშევრებს. 

33. Paul Chambers

პოლ ჩემბერსი ჯაზური იმპროვიზაციის დიდოსტატი და უნაკლო სიზუსტით განთქმული შემსრულებელი იყო. 33 წლის ასაკში გარდაცვლილმა ვირტუოზმა ისეთი ეპოქალური ალბომების ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა მაილს დევისის Kind of Blue და ჯონ კოლტრეინის Giant Steps.

32. Tal Wilkenfeld

თალ ვილკენფელდი სულ რაღაც 23 წლის იყო, როდესაც ჯეფ ბეკი, ჰერბი ჰენკოკი და სხვა ლეგენდარული ინსტრუმენტალისტები საკუთარ ბენდებში რიტმ სექციის გაძღოლას ანდობდნენ. საუკეთესო ახალგაზრდა ბასისტად არაერთხელ აღიარებული ავსტრალიელი მუსიკოსი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო კომპოზიტორი და წარმატებული სოლო არტისტიცაა.

31. Marcus Miller

ამერიკელი ბასისტი ფრაზირებისა და სოლირების მხრივ შეუდარებელია, თუმცა, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად ის, პირველ რიგში, წამყვანი რიფების შექმნის უნიკალურმა ნიჭმა აქცია. გრემის ორი ჯილდოს მფლობელმა არტისტმა სხვადასხვა დროს ხუთასზე მეტ ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა და თანაბარი წარმატებით მოერგო როგორც ექსპერიმენტულ, ასევე პოპ მუსიკის სპეციფიკას.

30. Kim Gordon

ლეგენდარული ამერიკული კოლექტივის, Sonic Youth-ის ინოვაციურ სტილს დიდწილად სწორედ კიმ გორდონი და მისი ნოუ ვეივით შთაგონებული დაკვრის მანერა განსაზღვრავდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მუსიკოსის იმიჯი, რომელმაც ის 80-იანი წლების ალტერნატიული სცენის საკულტო ფიგურად და Riot Grrrl მოძრაობის შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ აქცია.

29. Tony Levin

ტონი ლევინს ძალზე მრავალფეროვანი და ზედმიწევნით დახვეწილი საშემსრულებლო მანერა გამოარჩევს. ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ბასისტმა და უამრავი ინოვაციის ავტორმა სესიური ინსტრუმენტალისტის რანგში ათობით არტისტთან ითანამშრომლა. თუმცა, მისი კარიერის გამორჩეულ მონაკვეთად ლეგენდარული King Crimson-ის შემადგენლობასა და პიტერ გებრიელის ბენდში მოღვაწეობა ითვლება.

28. Chris Squire

კრის სქვაიერი ბასზე დაკვრისას მედიატორს სპეციფიკურად იყენებდა, რის ხარჯზეც იშვიათი სისუფთავისა და სიმძლავრის ბგერას იღებდა. კარიერის უდიდესი ნაწილი მან ლეგენდარული პროგრესივ როკ ბენდის, Yes-ის შემადგენლობაში გაატარა და თვით ამ ვირტუოზებით დახუნძლული ჟანრის ისტორიაშიც კი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტალისტად ითვლება.

27. Lemmy 

ჰევი მეტალის ნათლიმამამ, ლემი კილმისტერმა კარიერა ჯიმი ჰენდრიქსის ტექნიკური პერსონალის წევრობით დაიწყო და საკულტო მუსიკოსის სტატუსით დაასრულა. სპეციფიკური ჟღერადობითა და მძიმე რიტმებით ცნობილი ბასისტი სიცოცხლის ბოლომდე ლეგენდარულ ბრიტანულ კოლექტივს, Motörhead-ს ედგა სათავეში, რომლის შემოქმედებამაც დიდი გავლენა მოახდინა თრეშ და გრუვ მეტალის ჩამოყალიბებაზე.

26. Bootsy Collins

"ბასის ჰენდრიქსად" არაერთი მუსიკოსი მოუხსენიებიათ, თუმცა, ბუთსი კოლინზი ჟღერადობითა და შესრულების მანერით ლეგენდარულ გიტარისტთან შედარებას ყველაზე მეტად იმსახურებს. ის ჯერ კიდევ 19 წლის ასაკიდან ირიცხებოდა ჯეიმს ბრაუნის ბენდში, რომელთან ერთად არაერთი კლასიკად ქცეული ნამუშევრის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით კი, ფანკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კოლექტივს, Parliament-Funkadelic-ს შეუერთდა.

25. Stanley Clarke

სტენლი კლარკი იმ ინსტრუმენტალისტთა რიგს მიეკუთვნება, რომელთა სახელს როგორც კონტრაბასზე, ასევე ელექტრონულ ბასზე საუკეთესო შემსრულებელთა სიებში თანაბარი სიხშირით ვხვდებით. ჯაზ კოლექტივის Return to Forever დამაარსებელი გამორჩეული ინოვატორიცაა, რომლის შესრულების ტექნიკაც მოგვიანებით ფიუჟენის თითქმის ყველა წარმომადგენელმა გადააკოპირა.

24. Peter Hook

Joy Division-ის ბასისტის აგრესიული, გამოკვეთილი ჟღერადობა ამ ეპოქალური კოლექტივის პირქუშ ესთეტიკაში იდეალურად ჯდებოდა და მას კიდევ უფრო ამძაფრებდა. აღსანიშნავია, რომ პიტერ ჰუკს შესრულების სპეციფიკური მანერის გამომუშავებისკენ თავის დროზე ხელმოკლეობამ უბიძგა. კარიერის პირველ წლებში ის ძველ, უხარისხო დინამიკს იყენებდა და იძულებული იყო, მაქსიმალურად ხმამაღლა დაეკრა.

23. Billy Sheehan

ბილი შიჰენი ბასისტებისთვის დაახლოებით იმ მასშტაბის ფიგურაა, როგორიც გიტარისტებისთვის სტივ ვაი ან ჯო სატრიანი. ამერიკელი ვირტუოზის შესრულება ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად უნაკლოა, სისწრაფე კი უკიდურესად შთამბეჭდავი. კარიერის განმავლობაში შიჰენმა ათობით არტისტთან ითანამშრომლა, თუმცა, მელომანებს მისი სახელი ყველაზე კარგად როკ ჯგუფის Mr. Big შემადგენლობიდან ახსოვთ.

22. Charlie Haden

1959 წელს ორნეტ კოულმანის კვარტეტმა ალბომით The Shape of Jazz to Come მსოფლიოს ფრი ჯაზის დაბადება ამცნო. ამ არაჩვეულებრივი ჩანაწერის მოსმენისას მარტივად ხვდები, რა დიდი გამოწვევა უნდა ყოფილიყო კონტრაბასისტისთვის მის შექმნაში მონაწილეობის მიღება. თუმცა, 21 წლის ჩარლი ჰეიდენისთვის ეს მხოლოდ შთამბეჭდავ კარიერულ გზაზე მსუბუქად გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა. ინსტრუმენტისადმი მისმა რევოლუციურმა მიდგომამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჟანრის შემდგომ განვითარებასა და არაერთი ცნობილი არტისტის შესრულების სტილზე.

21. Geddy Lee

ბასისტისა და ვოკალისტის ფუნქციების შეთავსება მარტივი საქმე რომ არ არის, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. გედდი ლი კი ხშირად ამ გამოწვევასაც არ სჯერდებოდა და მსმენელებს კონცერტებზე სინთეზატორის სოლოებსაც სთავაზობდა. კანადური პროგრესივ როკ კოლექტივის, Rush-ის ფრონტმენმა ბასის, როგორც წამყვანი ინსტრუმენტის როლი იმდენად გამოკვეთა, რომ ბენდის კიდევ ერთი წევრი, ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი, ალექს ლაიფსონი გარკვეულწილად ჩრდილშიც კი მოაქცია.

20. Justin Chancellor

საკულტო პროგრესივ მეტალ ბენდის, Tool-ის ბასისტი თხუთმეტწუთიან კომპოზიციებში დაკვრის ტექნიკას რამდენიმეჯერ ცვლის და დრამერ დენი ქერის მიერ დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულებულ, აზიური პოლირიტმებით შთაგონებულ პარტიებს მხარს ღირსეულად უბამს. სწორედ ჯასთინ ჩენსელორის დამსახურებაა, რომ ამ ამერიკულ კოლექტივს ჟანრის ისტორიაში ყველაზე საინტერესო რიტმ სექცია გამოარჩევს.

19. Larry Graham

ლარი გრეემმა ეპოქალური კოლექტივის, Sly and the Family Stone-ის შემადგენლობაში მოღვაწეობით გაითქვა სახელი. ის მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა და თავის ძმასთან, მომავალში ცნობილ დრამერთან და თანამედროვე ჰიპ ჰოპის სუპერვარსკვლავ დრეიქის მამასთან, დენისთან ერთად ხშირად უკრავდა. სწორედ ამ პერიოდში გამოიგონა სლეფინგის ტექნიკა, რომელმაც ფანკის განვითარების მიმართულება სამუდამოდ შეცვალა და ჟანრის სპეციფიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა.

18. Steve Harris

სტივ ჰარისი Iron Maiden-ის სული და გულია. ინგლისელი მულტიინსტრუმენტალისტი ამ ჯგუფის ჩანაწერების უდიდესი ნაწილის ავტორია. სწორედ მან განსაზღვრა ის მუსიკალური მიმართულება, რომელმაც ლეგენდარული კოლექტივი ბრიტანული მეტალის ახალი ტალღის წამყვან ძალად აქცია. მუსიკოსს ბასზე დაკვრის ძალზე სპეციფიკური მანერა გამოარჩევს, რომლის წყალობითაც რიტმ გიტარის ჟღერადობის იმიტირებას უნაკლოდ ახერხებს.

17. Esperanza Spalding

5 წლის ასაკში ესპერანსა სპოლდინგი უკვე თვითნასწავლი მევიოლინე იყო და ფორტეპიანოზეც ბეთჰოვენის ნაწარმოებების შესრულებას ნოტების გარეშე ახერხებდა. დღეს ის ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, გრემის 4 ჯილდოს მფლობელი და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ბასისტი გახლავთ, რომლის შემოქმედებაშიც ერთმანეთს არენბის, ჯაზ ფიუჟენის, ნეოსოულისა და ბოსა ნოვას ელემენტები ერწყმის.

16. Roger Waters

არაადეკვატური გამოხტომებისა და ყოვლად სამარცხვინო განცხადებების მიუხედავად, ფაქტია, რომ როჯერ უოტერსს კონცეპტუალური ალბომების შექმნაში ბადალი არ მოეძებნება. The Animals-ის, The Wall-ის და სხვა ეპოქალური ჩანაწერების ავტორზე საუბრისას, მსმენელებიც და კრიტიკოსებიც უმეტესწილად მისი ნიჭის ამ ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას. არადა, Pink Floyd-ის ყოფილი ფრონტმენი ინსტრუმენტალისტის ამპლუაშიც არანაკლებ შთამბეჭდავია და კარიერის განმავლობაში ბასის არაერთი დასამახსოვრებელი რიფი აქვს შექმნილი.

15. Les Claypool

ლეს კლეიპულის შესრულების მანერა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მისი ექსტრავაგანტური სასცენო კოსტიუმები. საკულტო როკ კოლექტივის, Primus-ის ფრონტმენი დაკვრისას ფლამენკოთი შთაგონებულ თეფინგსა თუ ფანკისთვის დამახასიათებელ სლეფს ერთმანეთში ვირტუოზულად ურევს და სამართლიანად იმსახურებს 1990-იანი წლების ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ორიგინალური არტისტის წოდებას.

14. Paul McCartney

ლივერპულური ოთხეულის თითოეულ წევრს თაყვანისცემლების საკუთარი არმია ჰყავს (თვით რინგოსაც კი). თუმცა, პირადი სიმპათიების გვერდზე გადადების შემდეგ აშკარა ხდება, რომ The Beatles-ის შემადგენლობაში მუსიკალურ ინსტრუმენტებს ყველაზე კარგად პოლ მაკკარტნი ფლობდა. ცაცია ბასისტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სონგრაითერად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მისი საშემსრულებლო ტექნიკის ევოლუციამ შეასრულა. მაკკარტნის რიფები სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელზეც კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობად ქცეული კოლექტივის თითქმის ყველა ცნობილი კომპოზიციაა აგებული.

13. Flea

Red Hot Chili Peppers-ის ჟღერადობა დიდწილად ფანკითაა შთაგონებული, რაც განსაკუთრებით ნათლად მაიკლ ბელზარის, იგივე Flea-ის დაკვრის სტილშია ასახული. ამერიკელმა მუსიკოსმა ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი სლეფინგის ტექნიკა საკუთარი რიფების ორგანულ ნაწილად აქცია. მისმა ტალანტმა, ქარიზმამ და შესრულების უსაზღვროდ ემოციურმა მანერამ კი ის ბასისტებს შორის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად აქცია.

12. Geezer Butler

ჯიზერ ბათლერი ერთ-ერთი პირველი ბასისტი იყო, რომელმაც wah-wah ეფექტის აქტიური გამოყენება დაიწყო და სიმების სტანდარტული მი-ლა-რე-სოლ წყობა შეცვალა. ამ გზით ლეგენდარული კოლექტივის, Black Sabbath-ის დამფუძნებელმა წევრმა სპეციფიკური, მკვეთრად პირქუში ჟღერადობა შექმნა, რომელიც მოგვიანებით ჰევი მეტალის არაერთი ქვეჟანრის განუყოფელ ელემენტად იქცა.

11. John Deacon

როკ მუსიკის ისტორიაში ძალზე ცოტა ბასისტს თუ შეუქმნია იმდენი დასამახსოვრებელი რიფი, რამდენიც ჯონ დიკონს. მაგალითისთვის ლეგენდარული Queen-ის კომპოზიციების Another One Bites the Dust, Under Pressure და I Want to Break Free ჩამოთვლაც საკმარისია. ბრიტანული ბენდის ამ ნაკლებად ცნობილი ნამუშევრის მოსმენა კი კითხვებს არც მისი სოლირების უნარის შესახებ დატოვებს.

10. Tina Weymouth

ნიუ ვეივის პიონერი კოლექტივის, Talking Heads-ის შემოქმედებაში აფრობიტისა და ფანკის პოსტ პანკთან სინთეზი რიტმ სექციას ეფუძნებოდა, რომელსაც დრამერი კრის ფრანცი და მისი ცოლი, ბასისტი თინა უეიმუსი ქმნიდნენ. ამ უკანასკნელის შესრულების მანერაში ვირტუოზობის ნიშნებს ვერ აღმოაჩენთ, თუმცა, სანაცვლოდ, იმ იდეებს იპოვით, რომლებმაც ალტერნატიულ როკში მოღვაწე მუსიკოსებს ბას გიტარის როლის გადააზრებისკენ უბიძგეს. 

9. John Paul Jones

ლეგენდარული Led Zeppelin-ის სხვა წევრების მსგავსად, ჯონ პოლ ჯონსიც საკუთარი საქმის დიდოსტატია, რომლის სახელსაც საუკეთესო ბასისტებისადმი მიძღვნილ თითქმის ყველა სიაში საპატიო ადგილზე ვაწყდებით. გენიალურ მულტიინსტრუმენტალისტს ჟანრის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რიფები ეკუთვნის, შემდგომი თაობების არტისტებზე მისი დაკვრის მანერის გავლენა კი ცალკე სტატიის თემაა.

8. Jack Bruce

ჯეკ ბრიუსმა 1966 წელს ერიკ კლეპტონთან და ჯინჯერ ბეიკერთან ერთად ისტორიაში პირველი სუპერჯგუფი Cream ჩამოაყალიბა, რომელმაც როკის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა. ლეგენდარული ვირტუოზების ფონზე თავის დამკვიდრება ნებისმიერი ბასისტისთვის დიდი გამოწვევა უნდა ყოფილიყო, თუმცა, შოტლანდიელმა მუსიკოსმა ამ ამოცანას ძალზე მარტივად გაართვა თავი. ბრიუსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბასი ბენდის რიტმ სექციიდან ნაწილობრივ გამოათავისუფლა და მას წამყვანი ინსტრუმენტის ფუნქცია შესძინა.

7. Ron Carter

რონ კარტერის შემოქმედება ერთგვარი სახელმძღვანელოა, რომელსაც მოდერნ ჯაზის რიტმ სექცია ეყრდნობა, მისი დისკოგრაფია კი ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც რაოდენობა ხარისხზე გავლენას ვერ ახდენს. ელეგანტური და დახვეწილი საშემსრულებლო მანერით ცნობილმა კონტრაბასისტმა ორიათასზე მეტი ნამუშევრის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ისეთი ალბომების, როგორებიცაა: ერიკ დოლფის Out There, მაილს დევისის Nefertiti, ჰერბი ჰენკოკის Empyrean Isles, სტენ გეცის Voices და სხვა. 

6. John Entwistle

The Who უკიდურესად ენერგიული პერფორმანსებით იყო განთქმული. ბენდის სამი წევრი სცენაზე ნამდვილ ქაოსს ატრიალებდა, ჯონ ენთვისლი კი საკუთარი სიმშვიდით მათ ფონზე უჩვეულო კონტრასტს ქმნიდა. კრიტიკოსებისა თუ მსმენელთა მიერ ის თითქმის ერთხმადაა აღიარებული როკის ისტორიაში ყველაზე გავლენიან ბასისტად. "ქარიშხლის თითებად" მონათლულ მუსიკოს შთაგონების წყაროდ ისეთი გამოჩენილი კოლეგები ასახელებენ, როგორებიც არიან გედდი ლი, სტივ ჰარისი, ვიქტორ ვუტენი და სხვები.

5. James Jamerson

ჯეიმს ჯემერსონი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ბასისტია მუსიკის ისტორიაში. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ფრაზირებისა და სინკოპირების დიდოსტატმა ფართო საზოგადოების ყურადღება ვერ მიიპყრო, ის გახლდათ, რომ მან კარიერის უდიდესი ნაწილი კულისებს მიღმა, სესიური მუსიკოსის რანგში გაატარა. Motown Records-ის რეზიდენტი ინსტრუმენტალისტი ისეთ ჯგუფებთან თანამშრომლობდა, როგორებიც იყვნენ: The Temptations, The Supremes, The Jackson 5, The Four Tops და სხვა. ჯემერსონის გამორჩეულ ტალანტზე ხაზგასასმელად იმ ფაქტის გახსენებაც კმარა, რომ სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტს მისი მონაწილეობით ჩაწერილი 25 სინგლი ლიდერობდა. 

4. Carol Kaye

ქეროლ ქეის სახელი ბევრ თქვენგანს, ალბათ, არასდროს გაუგია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი რიფები ცხოვრებაში ერთხელ მაინც გსმენიათ. ის ფილ სპექტორის მიერ ჩამოყალიბებული სტუდიური მუსიკოსების კოლექტივის, The Wrecking Crew-ს შემადგენლობაში სრულიად შემთხვევით მოხვდა და მცირე ხანში ერთ-ერთ საუკეთესო სესიურ ბასისტად იქცა. ქეიმ ორმოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში ათი ათასზე მეტი ნამუშევრის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა და ისეთ ლეგენდებთან ითანამშრომლა, როგორებიც იყვნენ: ფრენკ ზაპა, ჯეი ჯეი ქეილი, The Beach Boys და სხვა. 

3. Cliff Burton

კლიფ ბარტონი ჰევი მეტალის ისტორიაში საკულტო ფიგურა და უდიდესი ბასისტია. გასაკვირი არაა, რომ Metallica-ს შემოქმედების საუკეთესო მონაკვეთი მისი მოღვაწეობის წლებს ემთხვევა. ალბომები Kill 'Em All, Ride the Lightning და Master of Puppets ეპოქალურ ნამუშევრებად, პირველ რიგში, სწორედ კლიფის ხედვამ რომ აქცია, კოლექტივის სხვა წევრებსაც არასდროს დაუმალავთ. 24 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად გარდაცვლილი მუსიკოსი ტონის შერჩევისა და დამუშავების ნიჭით, მელოდიურობითა და სოლირების უნარით, პრაქტიკულად, სრულყოფილებას უახლოვდებოდა. კომპოზიციის Orion იზოლირებული ბას ტრეკის მოსმენა საკულტო მუსიკოსის შესაძლებლობების შესახებ, დიდი ალბათობით, ყველაზე ცხად წარმოდგენას შეგიქმნით.

2. Charles Mingus

ჩარლზ მინგუსის პიროვნების მოკლე დახასიათება ორიოდე სიტყვითაა შესაძლებელი - შეშლილი გენიოსი. კოლექტიური იმპროვიზაციის პიონერი ფიცხი ხასიათითა და მენტალური პრობლემებით იყო ცნობილი, რაც ექსცენტრიკული გამოხტომებისა და კოლეგებთან თუ აუდიტორიასთან ხშირი კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. ამავდროულად, ლეგენდარული არტისტი სამართლიანადაა აღიარებული ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ინოვატორად. ამერიკელმა კონტრაბასისტმა ჟანრის ექსპერიმენტულ ეპოქას დაუდო საფუძველი და უდიდესი როლი შეასრულა მის შემდგომ განვითარებაში.

1. Jaco Pastorius

ყველა დროის საუკეთესო ბასისტის ვინაობასთან დაკავშირებული დისკუსია, მაღალი ალბათობით, არასდროს შეწყდება, თუმცა, უმრავლესობა თანხმდება, რომ ამ საპატიო წოდებისთვის იდეალური კანდიდატურა ჯაკო პასტორიუსია. ამერიკელი ვირტუოზი შესრულების ქარიზმატული, არტისტული მანერით გამოირჩეოდა. მის დაკვრის უზადო ტექნიკაზე, მელოდიურობასა და იმპროვიზაციის უნარზე კი საუბარიც ზედმეტია. ჯგუფების Weather Report და Trio of Doom წევრი ელექტრონულ ბასზე შემსრულებელთგან ისტორიაში ერთადერთია, რომელიც ჯაზის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული