Thumbnail

Cardi B მედიას: შეწყვიტეთ ნახვების მომატების მიზნით ჩემი შვილის გამოყენება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გრემის მფლობელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას ამერიკული სატელევიზიო გადაცემის, Access Hollywood-ის წარმომადგენლები სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ნახვების დაგროვების მიზნით ჟურნალისტებმა ინტერვიუ განზრახ შეცდომაში შემყვანად დაამონტაჟეს. განრისხებული ქარდი ვიდეოში იგინება, იფურთხება და გადაცემის ავტორების მისამართით სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს.

► Cardi B-მ მომავალი ალბომის სახელწოდება გაამხილა

 Cardi B: ერთხელ ფოტოსესიაზე სექსუალურად შემავიწროვეს, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო

"მათ მკითხეს, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება მას შემდეგ, რაც დედა გავხდი. ვუპასუხე, რომ ერთდროულად ბევრი რამის კეთება მიხდება. ვმონაწილეობ გადაცემებში, მიღებენ ფილმებში, ვეწევი ბიზნეს საქმიანობას, ვატარებ კონცერტებს და ამიტომაც ცოტა თავისუფალი დრო მრჩება. მე მათ ვუთხარი, რომ ის თავისუფალი 5 საათი შემიძლია, გავატარო სტუდიაში, თუმცა, მე ამ დროს შვილს ვუთმობ. ძიძის დაქირავება არ მინდა, რადგან არ მსურს, ჩემი ბავშვი არ იყოს ჩემთან და დედას სხვას ეძახდეს. მათ კი ეს ინტერვიუ დაამონტაჟეს და ისე გამოიყვანეს, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩემი შვილი დედას სხვას ეძახის. ნახვების მომატების მიზნით ყველაფერს კადრულობენ, შეწყვიტეთ ყურადღების მიქცევის მიზნით ჩემი შვილის გამოყენება. თქვენი დედაც, იმედია, დედათქვენებს შიდსი დაემართებათ", - ამბობს გაბრაზებული ქარდი.

მოგვიანებით ვიდეო Access Hollywood-მა წაშალა. გადაცემის წარმომადგენლების თქმით, ისინი მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს და მუსიკოსს პირად საუბარში მოუბოდიშეს.

რეპერი გადაცემას ახალი ჰიპ ჰოპ პროექტის Rhythm + Flow პრომოუშენის ფარგლებში ესტუმრა. ამ შოუში არტისტი ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება.

► ნახეთ: ახალი ჰიპ ჰოპ რეალითი შოუს Rhythm + Flow თრეილერი გავრცელდა

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული