Thumbnail

6ix9ine: არავის ჩაშვება არ მსურდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკის სასამართლოში პატიმრობაში მყოფი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tekashi 6ix9ine-ის სამდღიანი დაკითხვა დასრულდა. ცნობილმა რეპერმა პროცესზე 2018 წლის ივლისში მისი გატაცება გაიხსენა და განმარტა, თუ რატომ იცრუა მაშინ ინტერვიუებში მომხდართან დაკავშირებით.

► რეპერი 6ix9ine გაიტაცეს და გაძარცვეს

► ტეკაში: Cardi B-ც კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო

► 6ix9ine-მა სასამართლოში განაცხადა, რომ Trippie Redd-იც კრიმინალური დაჯგუფების წევრია

"გატაცების შემდეგ თავი დამცირებულად ვიგრძენი. ყოველთვის სიამაყით ვამბობდი, რომ ხელშეუხებელი ვიყავი - მე ნიუ იორკის მეფე ვარ. მათი ჩაშვება არ მინდოდა. იმ დროს უკვე კრიმინალური დაჯგუფების წევრი ვიყავი და სავალდებულო წესებს ვიცავდი. ერთგულება იყო საჭირო", - განაცხადა ტეკაშიმ.

სიქსნაინმა მომხდარში დაჯგუფების წევრები, ალჯერმია მაქი და ენტონი ელისონი დაადანაშაულა, რომლებიც ბრალდებას უარყოფენ. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში რეპერის მანქანის კამერით გადაღებული ვიდეო აჩვენეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ტეკაშისა და დაკავებულების საუბარი ისმის. ისინი არტისტისგან ფულს მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებიან.

სიქსნაინი შარშან ივლისში აცხადებდა, რომ გამთენიისას სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ბოროტმოქმედებმა გზა გადაუკეტეს, გაძარცვეს და გაიტაცეს. თუმცა, მუსიკოსმა ავტომობილის უკანა კარის გახსნა მოახერხა და თავდამსხმელებს დაუსხლტა.

სიქსნაინი გატაცების შემდეგ

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული