Thumbnail

ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას პროექტის Eko & Vinda Folio სადებიუტო სტუდიური ალბომი "თერაპია" 20 სექტემბერს გამოიცა და, ნამუშევრის განწყობას თუ გავითვალისწინებთ, მისი პირველი მოსმენისთვის შესაფერისი დრო სწორედ ადრეული შემოდგომაა. ზაფხულის საღამოების ნოსტალგია და სასიყვარულო თავგადასავლების ანაბეჭდები აქ ისე ხელშესახებად იგრძნობა, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ სადაცაა დინამიკებიდან მუსიკასთან ერთად ტალღების ხმა და მათში ჩამავალი მზის სინათლეც გადმოიღვრება. თუმცა, გადამლაშების ნაცვლად, არტისტები მელანქოლიის დოზას ისეთივე სიზუსტით ზომავენ, როგორც აღელვებულ ზღვაში ცურვის მოყვარულები ნაპირამდე მანძილს.

იმის მიუხედავად, რომ ელექტრონული პოსტ პანკითა და დრიმპოპით გაჟღენთილი ჩანაწერის ინსტრუმენტული მხარე წმინდად დასავლური მიმდინარეობებითაა შთაგონებული, მასში შესული ყველა კომპოზიცია ქართულენოვანია - ეკო და ვინდა ერთგულად ატარებენ მშობლიური ენის მსახურის თვითდაკისრებულ ტვირთს. ნამუშევარი ფრანგულმა ლეიბლმა Talitres გამოუშვა, რომელსაც ისეთ ჯგუფებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: The National, Motorama, I Like Trains და სხვა. ერთი სიტყვით, საერთაშორისო სტანდარტის საექსპორტო პროდუქტთან გვაქვს საქმე.

ალბომი თავის სახელწოდებას სრულიად ამართლებს. მისი მოსმენით მიღებული შეგრძნებებები გამოცდილი თერაპევტის მიერ ჩატარებული სეანსის შედეგს წააგავს. ჩანაწერის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი, მსუბუქ ემოციურ ხაზს ისევე ძალდაუტანლობით მიჰყვება, როგორც ფოთოლი შემოდგომის ქარს და უადგილო სიურპრიზებს არ გვთავაზობს. როგორც ჩანს, არტისტები თვლიან, რომ თერაპიის კურსში მკვეთრი გადახვევები მიზანშეწონილი არ არის.

ნამუშევრის აკუსტიკური ატრიბუტიკა ტიპურია - პერმანენტულად პულსირებადი რიტმი, ბასის დომინაცია, გიტარის ფრაზები და პასაჟები საჭირო დროს საჭირო ადგილებში (განსაკუთრებით მაშინ, როცა ვოკალისტი "ისვენებს") და სინთეზატორით შექმნილი მიკროლანდშაფტები. ზოგადად, ის ატმოსფერო, რომელსაც პოსტ პანკის ჟღერადობა ქმნის, მისი ადრეული წარმომადგენლების განცდებითა და წუხილით იყო განპირობებული. "თერაპიაში" ყველაფერი პირიქითაა. ამოსავალი წერტილი აქ ჟანრის მზა ფორმატია, რომელსაც შესაბამისი განწყობა ერგება. ასეთი მიდგომა თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. გასაგებია, რომ არტისტები ამ მუსიკაზე გაიზარდნენ, თანაც პოსტ პანკი დღემდე მოდაშია, ისევე, როგორც დეპრესია და თვითგვემა, მაგრამ, თუ გინდა ისეთ გაცვეთილ ჟანრში, როგორიც პოსტ პანკია, რამე ფასეული გამოგივიდეს, ცოტა სხვა გზით უნდა წახვიდე.  

პირველ რიგში, ჟანრის სტერეოტიპული ბექგრაუნდი უნდა უკუაგდო, რაც ამ დუეტმა უკვე გააკეთა, ოღონდ ადრე, როდესაც სოციალურად აქტუალური და უკომპრომისო, ხისტი, ნერვული და ავანტურისტული ტრეკები ჩაწერა. მაშინ აკომპანემენტი ძალაუნებურად მოერგო ასეთ ლირიკას, თან ისე, რომ ჟანრულად მაინც პოსტ პანკის ტერიტორიაზე დარჩა. "თერაპია" კი თითქმის არსად არაფერს არღვევს, არ ან ვერ სცილდება დადგენილ საზღვრებს.

რა თქმა უნდა, დღესაც შეიძლება, შეინარჩუნო ის დისკურსი, რომელსაც პოსტ პანკი აგერ უკვე 40 წელია, უმოწყალოდ ღეჭავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკვე წმინდა მუსიკალური ელემენტების მოულოდნელი განვითარების ხარჯზე, შეგიძლია, შეიტანო მძლავრი ენერგეტიკული ინიექცია (დისონანსები, სისტემატური ტემბრალური დეფორმაციები, ბრეიქების დროს ინსტრუმენტული აფეთქებები), რაც უდავოდ გაამძაფრებს ინტრიგასა და დინამიკას.

"თერაპიაში", სამწუხაროდ, ეს იშვიათობაა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეკო და ვინდა საკუთარი ნამუშევრის ექსცესებისგან დაზღვევას ცდილობენ. თითქოს ვერ რისკავენ, რომ ლეიბლის იდეოლოგიასთან დისონანსში არ მოვიდნენ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ახლა კი კვლავ ალბომს და მის ატრიბუტიკას დავუბრუნდეთ.

ვოკალი პოსტ პანკში ურთულესი ელემენტია. მით უმეტეს მაშინ, როცა ჟანრში საიდუმლოებები აღარ დარჩა. ხაზი, რომელიც ვოკალისტს მიყავს, ორგანულად უნდა იყოს ჩაქსოვილი ტრანსულ რიტმში და ერთ მთლიან აკუსტიკურ ნაკადად აღიქმებოდეს. ამ დროს ეფექტურია მოკლე ფრაზირების ტექნიკა, ვოკალური დევიაციები, ობსკურული რომანტიზმისთვის მისაღებია ბარიტონი (სწორედ ამის შედეგია პოსტ პანკის ქვეჟანრი - გოთიკა), გადამეტებული სასოწარკვეთილებისთვის მოთქმა-ტირილი, ანდაც პირიქით - განყენებული, უემოციო ხმა, რათა ხაზი გაუსვა ამქვეყნიური ამაოებისგან იმედგაცრუებას.

ხერხი ბევრია. მთავარია, მსმენელი მიხვდეს, რომ მუსიკოსები ღრმა განცდებში არიან, მათში მსოფლიო სევდამ დაისადგურა, ეგზისტენციურ დრამას განიცდიან ან მეტაფიზიკური დეპრესია აწვალებთ. დააჯერო ეს ყველაფერი აუდიტორიას, საკმაოდ რთულია, მაგრამ სრულიად შესაძლებელია ამ ყველაფერზე ირონიზება - უკანა შესასვლელიდან შესვლა, რაც მოქნილი სვლაა ბანალურობის ეფექტურად შესანიღბად.

ეკოს მზაობა და გახსნილობა იუმორისა და თვითირონიისადმი გვაძლევდა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ამ ხერხს სადღაც მაინც გამოიყენებდა, მაგრამ არა. ვფიქრობთ, ერეკლემ ბევრი იმუშავა, ძალიანაც მოინდომა, რათა მისი სათქმელი გასაგები ყოფილიყო, მაგრამ მის ნამღერს მელოდიური დახვეწილობა აკლია. სწორედ ამის გამოა, რომ დეისაძე არადამაჯერებლად გამოიყურება იმ ასპექტშიც, რომელიც ყოველთვის მისი მთავარი კოზირი იყო - მუსიკისთვის ქართული ფრაზირების მორგებაში.

"თერაპიაში" ის უფრო მისთვის ნაცნობი არტისტების გამოცდილებას ენდობა და არა საკუთარ ინტუიციას. ამიტომაცაა მისი ლირიკა ხშირად წახნაგოვანი და მოუქნელიც კი. თავის ადრეულ სოციალურ-პოლიტიკური შეფერილობის ნამუშევრებში ერეკლე თითქოს სპონტანურად რეაგირებდა იმაზე, რაც მის გარშემო ხდებოდა და რაც მას აწუხებდა. ეს მძაფრ ემოციებს ბადებდა და ისიც თითქოს ანგარიშმიუცემლად ისროდა ფრაზებს, დეკლამირებდა, როგორც ორატორი მიტინგზე. სწორედ ასე დაემთხვა მისი სათქმელი უამრავი ახალგაზრდის სათქმელს. ამაში იყო მისი რიტორიკის ეფექტი. აქ კი დეისაძე ცდილობს, შეამციროს პათეტიკა, იყოს ემოციური, მაგრამ აკონტროლოს ვნებები. მოკლედ, ზედმეტად ბევრს ფიქრობს, რაც აზიანებს კიდეც მის შესრულებას. 

ალბომის გამხსნელი კომპოზიცია მთლიანი ნამუშევრის ზოგად მახასიათებლად გამოდგება. ის გათენებისას ფანჯარაზე არეკლილ პირველ სხივს ჰგავს, რომელსაც თან კედლებს მიღმა მომლოდინე ქალაქის სევდა მოჰყვება.

"თერაპიით" შექმნილ მთვლემარე სიყვარულისა და სიმშვიდის მონატრების ატმოსფეროს არც ალბომის შემდეგი სიმღერები "უსასრულოდ", "მშვიდ სიარულს", "სადღაც შორს" და "ნისლიანი" არღვევს.

საცეკვაო პოსტ პანკ რიტმი მხოლოდ დრიმპოპით შთაგონებულ ტრეკში "ემოციურ ტყვეობას" ნელდება, რომლის მძაფრი ინსტრუმენტალი და მგრძნობიარე ტექსტი მსმენელზე, მაღალი ალბათობით, მისსავე სახელწოდებაში ნახსენებ გავლენას მოახდენს. ეს კომპოზიცია თითქოს ცვლის ალბომის მარშრუტს, იცვლება რიტმული პატერნი და ირღვევა ერთფეროვნება. ეკოც თითქოს კი არ მღერის, არამედ გვიყვება სიმღერას და ყველაფერი ლაგდება. ვინდაც უფრო მეტს იღებს თავის თავზე, რაც ყველა ტრეკში უნდა ექნა და, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, თუ პირველ ნომრად იმუშავებდა ალბომში, თუნდაც რისკის ფასად.

ერთი შეხედვით, შაბლონური მელოდიით დაწყებული "მე როგორც ბგერა" იმდენად საინტერესოდ და ინტენსიურად ვითარდება, რომ მოსმენის შემდეგ "ბანალურის" გარდა სხვა ნებისმიერი ეპითეტით შეგიძლია, დაახასიათო.

კომპოზიციას "ფიქრები გამჭირვალე" კი უკვე ფსიქოდელიური, ოპტიმისტური განწყობა შემოაქვს. თემა ეფექტურია, საწყისი გიტარა უკვე ინდი პოპისთვისაა სახასიათო, სასიმღერო მელოდიაც აშკარად ამართლებს. ეკოც თითქოს მოეშვა და ყველაფერი უკეთესად გამოვიდა. სახეზეა რელაქსაცია და სიმშვიდე, რაც უდავოდ მოუხდა ალბომს. იმდენად, რომ კლიშეებიც კი ჩაიკარგა.

თუმცა, ეს სასიამოვნო სიზმარი მხოლოდ შესავალია პირქუშ გამოფხიზლებამდე, სადაც მზე თავში ზღვისფერი მოგონებების ნაცვლად ცხელ ტყვიას აადუღებს. კომპოზიციაში "ის იყო ყველა" დუეტის ადრეული ჩანაწერებიდან კარგად ნაცნობი, მძიმე ატმოსფერო ყოველგვარი რევერანსების გარეშე, უცერემონიოდ ბრუნდება. სიტუაცია სერიოზულად დაიძაბა, გაჩნდა რყევები, თითქოს ეკომ იპოვა ის დისკურსი, რომელსაც ეძებდა, განსხვავებულად რომ აამოძრავებს სტანდარტულ აკუსტიკურ მასასაც კი. აქ ის თითქმის ძველი დეისაძეა, ოღონდ ახალი იარაღით ხელში, უკვე ზუსტად რომ არტყამს ათიანში, ისეთი. მუსიკალურად ყველაზე სტატიკური კომპოზიცია ალბომში თავდაყირა აყენებს იმ კომფორტულ მოცემულობას, რომელიც ტრეკების უმეტესობაში იკვეთება.

და ფინალი. "აგურით ხელში II" დუეტის ძველი ჩანაწერის გადაკეთებული ვერსიაა, რომლის ტექსტშიც შეტანილი ცვლილებები ძალაუნებურად გიბიძგებს, ეძიო პასუხები შეკითხვებზე, როდის დამთავრდა რევოლუცია "შენში" და დაიწყო "ჩვენში", ან საერთოდ, თუ დაიწყება ოდესმე.

აქ ინსტრუმენტალი ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ალბომში წარმოდგენილ სასიყვარულო სიმღერებში, მაგრამ შინაარსის ცვლილება კომპოზიციას მელოდრამატულ ელფერს აშორებს და შედეგად ვიღებთ დრამას. ალბომის ასეთი სევდიანი დასასრული, ვფიქრობთ, შემთხვევითი არ არის და იმასაც ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა, მუსიკოსებს ამ ხერხისთვის, ლირიკისა და მუსიკის მოჩვენებითი კონტრასტულობისთვის, გაცილებით ხშირად მიემართათ. მეტი იქნებოდა არაპროგნოზირებადობა და ნაკლები პროდუქტის ხარისხზე ზრუნვა. 

მაგრამ ისმის კითხვა, იქნებ, სწორედ ასეთი მელოდრამატული, უწახნაგო და გლუვი პროდუქტის შექმნა იყო მათი მიზანი? გაეკეთებინათ ზუსტად ისეთი მუსიკა, როგორიც უყვართ, იმის მიუხედავად, აქტუალურია თუ არა ის. ეს, ალბათ, იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ალბომი ცნობილ ფრანგულ ლეიბლზე გამოიცა. არტისტებმა, წესით, იცოდნენ მისი მომხმარებლების გემოვნება და ესთეტიკური მოთხოვნები, რაც გაითვალისწინეს კიდეც.

შეიძლება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეკოს და ვინდას უკვე აქვთ გარკვეული სტატუსი. მათი კრედო კლიშეებთან, მენტალურ სტერეოტიპებთან ბრძოლაა. სწორედ ამ ვექტორებს ექვემდებარებოდა პროექტის მუსიკალური ანტურაჟიც. ამით მუსიკოსებმა ახალი მისიაც კი იკისრეს სამამულო რეალობაში.

პრობლემებზე, სტრესებსა და აპათიაზეა აგებული მთელი ადრეული ქართული ალტერნატივა. ამიტომაც გახდა პოსტ პანკი ჩვენში ასეთი რელევანტური. როგორც ახალი თაობის არტისტები, ეკო და ვინდა უფრო შორს წავიდნენ. მათ გამოააშკარავეს არა მხოლოდ პრობლემა, არამედ მისი მიზეზებიც და სწორედ ამით მოიხვეჭეს მსმენელთა ნდობა. ეს ყველაფერი "თერაპიაში" გაქრა. არადა სწორედ მუსიკოსების ასეთი სტატუსის გამო იქნება, ალბათ, რომ უამრავი მსმენელი "ვაშას" ძახილით შეხვდება ამ ალბომს, რაც, პრინციპში, ძალიან კარგია.  

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ ალბომით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ Eko & Vinda Folio სრულფასოვნად შემდგარი პროექტია, რომელსაც შეუძლია, ქართულ მუსიკას ახალი, თანამედროვე იდენტობის პოვნაში დაეხმაროს. შესაძლოა, დუეტის მიერ აქტუალურ სოციალურ საკითხებზე შექმნილ ჩანაწერებს მიჩვეულ მსმენელებს "თერაპიაში" მსგავსი თემების ნაკლებობა ეხამუშოთ, თუმცა, მათ შეუძლიათ, არ იდარდონ - ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დედასამშობლო თავის შვილებს ჩაკეტილ კართან აგურით ხელში დასადგომად ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუხმობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული