Thumbnail

YouTube მუსიკალური კლიპების ნახვების დაგროვების წესს ცვლის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულ ვიდეოპლატფორმას YouTube პოპულარული კლიპების რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგიაში ცვლილებები შეაქვს. მუსიკალური სტატისტიკის შედგენისას, კომპანია აღარ გაითვალისწინებს რეკლამის საშუალებით მიღებულ ნახვებს და მხოლოდ ე.წ. ორგანიქ ნახვებს დაეყრდნობა.  

► ინდოელი რეპერის Badshah კლიპმა იუთუბზე მოულოდნელად რეკორდული რაოდენობის ნახვა დააგროვა

"გვსურს, ჩვენი პლატფორმის სანდოობა შევინარჩუნოთ, ამიტომ რამდენიმე აუცილებელად გასათვალისწინებელი ცვლილება შეგვაქვს ვიდეოს ატვირთვიდან პირველ 24 საათში დაგროვილი ნახვების დათვლის მეთოდოლოგიაში", - ნათქვამია იუთუბის განცხადებაში.

ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მუსიკოსი თუ ლეიბლი ნამუშევრის გავრცელებისთანავე იუთუბზე დიდი რაოდენობით რეკლამას ყიდულობდა. შედეგად, სხვა ვიდეოს ყურებისას მოულოდნელად მათი კლიპი ირთვებოდა, რაც ავტომატურად ნახვად ეთვლებოდათ.

10 ივლისს ლეიბლმა Sony Music India ინდოელი რეპერის, Badshah-ის კლიპი Paagal გაავრცელა. სრულიად მოულოდნელად, ატვირთვიდან 24 საათში ვიდეორგოლმა რეკორდული რაოდენობის, 75 მილიონი ნახვა დააგროვა და პოპულარული კეიპოპ ბენდის, BTS-ის ვიდეორგოლი Boy With Luv ჩამოიტოვა. მომხდარმა მედიისა და მსმენელების გაკვირვება გამოიწვია, რადგანაც ბედშაჰი მსოფლიოში პოპულარობით არ სარგებლობს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნახვები ლეიბლმა იყიდა.

იუთუბი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საიტზე განთავსებული მუსიკალური ნამუშევრები ნახვებს კვლავ დააგროვებენ ისეთი ფუნქციების გამოყენებით, როგორებიცაა, მაგალითად: მთავარ გვერდზე გამოჩენა, მომდევნო ვიდეოზე გადასვლა, ტრენდინგი და ა.შ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული