Thumbnail

SABANADZE-ს 5 საყვარელი სიმღერა

შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ისა და ჰიპ ჰოპ პროექტ KayaKata-ს წევრის, ნიკოლოზ საბანაძის 5 საყვარელი კომპოზიცია. 

5. Missy Elliott - Get Ur Freak On

შორეული 2001 წელი, 140-კილოგრამიანი ტელევიზორი და ჩაწერის რეჟიმზე დაყენებული VHS "კასეტნიკი" - სწორედ ასეთ ვითარებაში მოვისმინე პირველად ეს ტრეკი. მახსოვს, როგორი შიში და ფსიქოლოგიური დისკომფორტი დამეუფლა - ერთი მხრივ, კანალიზაციის მილებში მოცეკვავე საეჭვო პერსონაჟები და ირონიით შეფუთული საზიზღარი კადრები, მეორე მხრივ, ენერგიული საცეკვაო რიტმი და მელოდიურობა. 

მეხუთე მოსმენისთვის ყოველგვარი დისკომფორტი აორთქლდა და მას შემდეგ ეს ტრეკი მუდმივ როტაციაშია: ვიდეო და აუდიო კასეტებიდან, აიპოდის იაფფასიანი ჩინური კლონებიდან, მოპარული DVD ფლეერებიდან, ვინამპიდან და საბოლოოდ იუთუბიდან. განსაკუთრებით ვიდეოვერსია, რომლის ბოლოშიც მეორე ტრეკი - Lick Shots არის მიბმული.   

თიმბალენდის საცეკვაო პერკუსიაზე აწყობილი ბითი, მისის ვერბალური ჰიპნოზი და მულტფილმივით აბსურდული ვიდეო - ამ ტრეკის თითოეული ელემენტი დღემდე მონოლითივით დგას ჩემი გემოვნების რუკაზე.

4. Steve Reich - Music for 18 Musicians

ტალღების პრინციპით აწყობილი მინიმალისტური სიმფონია, რომელსაც ჩემი გონება სულიერ სიმშვიდესთან და შინაგან სახლთან აკავშირებს. კომპოზიცია (თუ შეიძლება, ასე დაერქვას ამ ნამუშევარს), რომელმაც ბგერითი ცირკულაცია და ინსტრუმენტების ერთმანეთთან ცეკვის ხელოვნება შემაყვარა. სწორედ ამ ნამუშევრით აღმოვაჩინე კლასიკური მინიმალიზმი, რომელმაც დამატყვევა თავისი რთული სიმარტივით.

3. The Prodigy - Out Of Space

ესეც კიდევ ერთი სიძულვილით დაწყებული სიყვარულის ისტორიაა. ანალოგიური სიტუაცია, ოღონდ სხვა პარამეტრებით: 2000 წელი, Firestarter და დედაჩემის პროტესტი - დღესდღეობით ნებისმიერ ხმაურს შეგიძლია, მუსიკა დაარქვაო. მეც, რა თქმა უნდა, ავყევი და შევთანხმდით, რომ ამ ხმაურს რიტმის გარდა არანაირი ღირებულება გააჩნდა, არც მელოდიური, არც ესთეტიკური.

გადავინაცვლოთ 2006-ში: სახლში გამიჩნდა კომპიუტერი თავისი ვინამპითა და DSL მოდემით. 30-ლარიანი ინტერნეტის ბარათებით მულტიმედია ფაილს დიდად ვერ გადმოწერდი, ამიტომ ალბომებისა და ფილმების გაცვლა მყარი დისკების (ე.წ. ვინჩესტერების) თრევით ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი რიტუალის შედეგად, ჩემს ფლეიერში თავი The Prodigy-ს დისკოგრაფიამ ამოყო. 

ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვატრიალებდი მაგ დროისთვის ბოლო გამოსულ ალბომს Always Outnumbered, Never Outgunned. ტრეკებს ჩემთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი ჰიპ ჰოპის რიტმები ამოძრავებდა, ოღონდ სრულიად გაუგებარი ბასებითა და მელოდიებით. ნელ-ნელა ბოლო ალბომიდან ქრონოლოგიურად უკან გადავინაცვლე - პირველისკენ და "რევერსის" პრინციპით ვუყურებდი ლიამ ჰოულეტის პროგრესს. გაკვირვებული ვუსმენდი, როგორ ჩქარდებოდა, იწელებოდა და იჩეხებოდა ჩემთვის უკვე ნაცნობი ჰიპ ჰოპის დრამ პარტიები. სწორედ ასეთი უკუღმა პროცესით აღმოვაჩინე ჩემთვის ჯანგლი და მისთვის დამახასიათებელი ხორკლიანი, დაჭრილი და კოლაჟის პრინციპით დაწებებული დასარტყამების რითმები. 

განსაკუთრებული გავლენა ჩემზე 4-წუთიანმა ტრეკმა Out of Space მოახდინა, რომელშიც ლიამმა ბევრი კომპონენტის მაქსიმალურად ეფექტურად გააერთიანება შეძლო: 

მოულოდნელი და უკვე ლეგენდარული მაქს რომეოს სემპლი? Check
ერთმანეთზე გადადებული ორი აჩქარებული დრამ პარტია? Check
უმარტივესი მაგრამ ამავდროულად ძალიან Catchy ზარების მელოდია? Check
რეივ და ეისიდ კულტურისთვის დამახასიათებელი სინთეზატორის პარტიები? Check

2. Yasunori Mitsuda - Secret Of The Forest

ვიდეოთამაშები - ფენომენი, რომელმაც მთლიანად გადაატრიალა ჩემი და უამრავი სხვა ბავშვის (და არამარტო!) ცხოვრება. ჩემი აზრით, გეიმინგი როგორც გამოცდილება იმდენად უნიკალური და ინდივიდუალურია, რომ მასზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - ვიდეოთამაშები მულტიმედიის ყველაზე ინტერაქტიული და სენსორულად დატვირთული სახეობაა. 

სწორედ ვიდეოთამაშების მეშვეობით გავეცანი ათობით მუსიკალურ ჟანრს, რომელსაც სხვაგვარად ყურს ვერ მოვკრავდი. უამრავი საათი მაქვს გატარებული 8-ბიტიანი ბალადების ფონზე დაპიქსელებულ მინდორზე სირბილსა და ცოცხალი ჯაზ-კომპოზიციების ფონზე ვირტუალურ ბარში ადამიანებთან საუბარში.

ერთ-ერთი პირველი ვიდეოთამაში, რომელშიც სრულიად დავიკარგე, Chrono Trigger იყო. მისი რუკის ნებისმიერი კუნჭული დღემდე ისე კარგად ვიცი, თითქოს მის ტყეებსა და პოსტაპოკალიპტურ ქალაქებში გავიზარდე. თითოეული პერსონაჟის ხასიათი და ისტორია კი ისე მახსოვს, როგორც ნებისმიერი სხვა ავთენტური მოგონება ღრმა ბავშვობიდან. 

Secret Of The Forest სწორედ ამ თამაშის გენიალური საუნდტრეკის ერთ-ერთი ტრეკია: სინთეზით შექმნილი, ბუნებრივს მიმსგავსებული ბგერებისგან აწყობილი ნამუშევარი, რომელიც თავიდან შეიძლება, ძალზე არაბუნებრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ამ ხელოვნურ ორგანულობაში იმალება ამ კომპოზიციისა და ზოგადად ძველი კონსოლების თამაშების საუნდტრეკების სილამაზე.

1. Outkast - Da Art of Storytellin' Part 1

ჩემთვის Outkast-ს ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მათ ჰიტებს ყველა ვუსმენდით - ბავშვებიც, უფროსებიც, ბიჭებიც და გოგოებიც. ერთხელ, მყარი დისკებიდან ინფორმაციის გადაყრა-გადმოყრისას, ხელში მათი ალბომები და სინგლები ჩამივარდა. Mrs. Jackson-სა და მსგავს საღეჭ რეზინს (კარგი გაგებით) ველოდი, თუმცა, რასაც მოვუსმინე, ყველა მოლოდინს გადააჭარბა - ყველა ალბომსა და ტრეკს ბალანსის ისეთი დონე ეჭირა, რომელიც დღემდე სხვებისთვის მიუღწეველ მწვერვალად მიმაჩნია - ექსპერიმენტული, მაგრამ ავთენტური, მელოდიური, მაგრამ მკაცრი. 

ექსპერიმენტული ბითები და MC-ების უნიკალური ვოკალური აერობიკა ჩემთვის პირადად ახლაც ხელუხლებელია. ლირიკულად Big Boi და Andre 3000 ხშირ შემთხვევაში კარგი და ცუდი პოლიციელის პრინციპით მუშაობენ და ნარატიულად ერთმანეთს ავსებენ. Da Art of Storytellin' Part 1 ამ ბალანსის ყველაზე კარგი მაგალითია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული