Thumbnail

ნახეთ: Aphex Twin-მა ლონდონში ქართველი მუსიკოსის, HVL-ის კომპოზიცია დაუკრა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ინგლისელმა მუსიკოსმა, რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, ლონდონში მდებარე ღამის კლუბში Printworks ქართველი ელექტრონული არტისტის, HVL-ის კომპოზიცია Sallow Myth დაუკრა.

► ნახეთ: კოლუმბიელმა დიჯეიმ Radeon ერეკლე დეისაძის "რაც მამას უნდა" დაუკრა

აღსანიშნავია, რომ Aphex Twin-მა მიმდინარე წლის აპრილში ნიუ იორკში, Avant Gardner-ში შეკრებილ მსმენელებს HVL-ის ორი კომპოზიცია Enigma და Moon Halo შესთავაზა.

► ნახეთ: Aphex Twin-მა ქართველი მუსიკოსის, HVL-ის ორი კომპოზიცია დაუკრა

გიგი ჯიქია, იგივე HVL, მსმენელმა 2009 წელს თბილისში შექმნილ ელექტრონულ დუეტში Okinawa Lifestyle მოღვაწეობით გაიცნო. 2013 წელს გერმანულ ლეიბლზე Rough House Rosie მისი სადებიუტო სოლო ჩანაწერი Deep Survey გამოიცა. ამავე წელს ლეიბლმა Voyager მუსიკოსის კიდევ ერთი ნამუშევარი Flats გაავრცელა. მომდევნო წლებში არტისტმა კიდევ რამდენიმე EP გამოუშვა, რომელთა შორის აღსანიშნავია Lucky Star of High Minded, Persona Non Grata და Moon Halo. 2018 წლის ზაფხულში კი ბრიტანულ ლეიბლზე Organic Analogue Records მისი პირველი ალბომი Ostati გამოვიდა.

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, რიჩარდ ჯეიმსს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია, თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 2018 წლის სექტემბერში არტისტმა ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Collapse გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული