Thumbnail

არცთუ იშვიათად, მუსიკოსები საკუთარი ალბომების ჩასაწერად უჩვეულო ლოკაციებს ირჩევენ. ამის მიზეზი ხან პროფესიული სტუდიის დასაქირავებლად საჭირო თანხის არქონაა, ხან სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობა, ხანაც ორიგინალური აკუსტიკისა თუ შთამაგონებელი გარემოს ძიება. საცურაო აუზი, ციხე, ეგვიპტური პირამიდები, თაჯ მაჰალი და საერთაშორისო კოსმოსური სადგური - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც არტისტებს გამორჩეულად საინტერესო ნამუშევრები აქვთ შექმნილი. 

ჩვენს სტატიაში სწორედ უცნაურ ადგილებში ჩაწერილ ათ ალბომს წარმოგიდგენთ.

10. Sigur Rós - ( ) (2002)

საცურაო აუზი 

ამ ისლანდიურ პოსტ როკ ჯგუფს უამრავი უცნაურობა ახასიათებს, დაწყებული მათ მიერვე გამოგონილ ენაზე დაწერილი კომპოზიციებით და დამთავრებული კონცერტების ხან სამხედრო ბუნკერებში, ხანაც მიყრუებულ ადგილზე მდებარე პატარა კაფეებში გამართვით. თავისი რიგით მესამე ალბომის ჩაწერა მუსიკოსებს თავდაპირველად NATO-ს ყოფილი ბაზის ტერიტორიაზე სურდათ, თუმცა, საბოლოოდ სტუდია ქალაქ მოსფელსბაირში, 1930-იან წლებში აშენებულ საცურაო აუზში მოაწყეს, რომელსაც Sundlaugin (ისლანდიურად - ცარიელი აუზი) უწოდეს.

Sigur Rós-ის ამ ალბომთან დაკავშირებული უცნაურობები მისი შექმნის ისტორიით არ მთავრდება. ნამუშევრის სახელწოდება ორი ფრჩხილის სიმბოლოთი აღინიშნება, მასში შესული ყველა კომპოზიცია კი უსათაუროა. თუმცა, მთელმა ამ ორიგინალურობამ ჩანაწერის კომერციულ წარმატებას ხელი ვერ შეუშალა და ის მსმენელთა და მუსიკის კრიტიკოსთა ერთსულოვანი მოწონებით სარგებლობს. 

მოუსმინეთ ალბომს

9. Killing Joke - Pandemonium (1994)

გიზას დიდი პირამიდა

1994 წელს ინგლისური პოსტ პანკ ბენდის, Killing Joke-ის წევრებმა აღმოსავლური მუსიკით შთაგონებული ალბომის შექმნა გადაწყვიტეს. კოლექტივი ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას გიჟური იდეა დაებადათ - მეცხრე სტუდიური ნამუშევარი გიზას დიდ პირამიდაში, ფარაონის სამარხში უნდა ჩაეწერათ. ამ ავანტიურისტულ ჩანაფიქრს, ერთი შეხედვით, განხორციელება არ ეწერა, თუმცა, დიდი მონდომების, პირადი კონტაქტებისა და ოფიციალური პირების მოსყიდვის ხარჯზე ბენდმა სასურველ ლოკაციაზე სამი დღით მუშაობის უფლება მოიპოვა.

მუსიკოსები მალევე მიხვდნენ, რომ ტექნიკური ბარიერებისა და შეზღუდული ვადების გამო, სამარხში ალბომზე სრულფასოვნად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ, მხოლოდ სამი კომპოზიციისთვის - Pandemonium, Exorcism და Millenium ვოკალის პარტიების ჩაწერით შემოიფარგლნენ. შინ გამგზავრებამდე კი პირამიდაში შამანური რიტუალის ჩატარება მოასწრეს, რომლის ამსახველი ვიდეოს ხილვაც აქ შეგიძლიათ.

მოუსმინეთ ალბომს 

8. German Oak - German Oak (1972)

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

მეორე მსოფლიო ომის დროს აგებულ ბუნკერში მუსიკის შექმნის იდეა საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს, თუმცა, კრაუტროკ კოლექტივის, German Oak-ის წევრებს განსაკუთრებული ორიგინალურობით თავის გამოჩენა სულაც არ ჰქონდათ განზრახული. დამწყებ მუსიკოსებს, უბრალოდ, სტუდიის დასაქირავებლად საჭირო ფული არ ჰქონდათ. ისინი სადებიუტო ალბომის ჩასაწერად ცარიელ სივრცეს ეძებდნენ, დიუსელდორფში მდებარე ყოფილი ბომბსაფარის აღმოჩენისას კი ზედმეტი წუნიაობა არ დაუწყიათ. 

როგორც ბენდის ფრონტმენი, ვოლფგანგ ფრანცი იხსენებდა, ბუნკერი ძალზე ცუდი აკუსტიკით გამოირჩეოდა, თუმცა, მისმა პირქუშმა ატმოსფერომ ალბომის შინაარსსა და განწყობაზე დიდი გავლენა მოახდინა. ჯგუფის პროდიუსერმა, ექსცენტრიკულობით განთქმულმა მანფრედ ურმა ნამუშევრის მოსმენის შემდეგ მისი ესთეტიკის გასამძაფრებლად გარეკანი და კომპოზიციების სახელწოდებები შეცვალა, სიმღერებში კი ჰიტლერის გამოსვლების ნაწყვეტები ჩაამატა. მუსიკოსების დაუკითხავად გადადგმულმა ამ ნაბიჯმა ალბომი ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების ფავორიტ ჩანაწერად აქცია, რასაც ჰიპების იდეალებზე აღზრდილ არტისტებში დიდი აღფრთოვანება ნამდვილად არ გამოუწვევია.

მოუსმინეთ ალბომს

7. Nine Inch Nails - Downward Spiral (1994)

შერონ ტეიტის სახლი

ლეგენდარული ამერიკული პოსტინდასტრიალ ბენდის რიგით მეორე ჩანაწერი თავიდანვე კონცეპტუალურ ალბომად იყო ჩაფიქრებული, რომელიც პიროვნების მორალურ დეგრადაციასა და სუიციდამდე მიმავალ გზას აღწერდა. ჯგუფის ფრონტმენი, ტრენტ რეზნორი მიზანთროპიით, ნიჰილიზმითა და სოციოპათიით სავსე Downward Spiral-ზე მუშაობისას საცხოვრებლად ლოს ანჯელესში, იმ სახლში გადავიდა, რომელშიც 1969 წელს ჩარლზ მენსონის მიმდევრებმა მსახიობი შერონ ტეიტი და მისი მეგობრები დახოცეს. მუსიკოსმა იქ მოწყობილ სტუდიას სახელად Le Pig (ღორი) შეურჩია - მკვლელებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვამდე მსხვერპლის სისხლით შენობის კარზე სწორედ ეს სიტყვა მიაწერეს.

რეზნორი იმ პერიოდში ნარკოდამოკიდებულებითა და დეპრესიით იტანჯებოდა, რაც ტეიტის სახლის პირქუშმა ატმოსფერომ კიდევ უფრო გაამძაფრა. მთელი ეს სტრესი ნათლად აისახა ალბომში, რომელმაც გამოსვლისთანავე საკულტო სტატუსი მოიპოვა და დღემდე Nine Inch Nails-ის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. 

მოუსმინეთ ალბომს

6. Prince Harvey - PHATASS (2015)

Apple-ის მაღაზია

2015 წელს დამწყებ ჰიპ ჰოპ არტისტს, Prince Harvey-ს სადებიუტო ალბომზე მუშაობისას ლეპტოპი გაუფუჭდა, მცირე ხანში კი მუსიკალური ინსტრუმენტებიც დაკარგა. ნიუ იორკში მცხოვრები ჰარვი იმ დროს თავის გატანას ძლივს ახერხებდა, ახალი კომპიუტერის შესაძენად საჭირო თანხის შეგროვებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ამიტომ, მან ალტერნატიულ გზას მიაგნო და სოჰოს უბანში მდებარე Apple-ის მაღაზიის ხშირ სტუმრად იქცა.

როგორც წესი, Apple-ის მაღაზიებში მოწყობილობების ნაწილი ჩართულია, რათა პოტენციურმა მყიდველებმა მათი შემოწმება და შეფასება შეძლონ. რეპერიც ალბომის ჩასაწერად სწორედ ერთ-ერთ ასეთ ლეპტოპს იყენებდა. რამდენიმეკვირიანი შრომის შემდეგ სამყაროს ჰარვის ნამუშევარი სახელად PHATASS (Prince Harvey At The Apple Store Soho) მოევლინა. მისი შექმნის უჩვეულო ისტორიის ინტერნეტ სივრცეში გახმაურების შემდეგ კი, ახალგაზრდა არტისტმა საგრძნობი პოპულარობა მოიპოვა და გამოჩენილი კოლეგების მხრიდან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

მოუსმინეთ ალბომს

5. Paul Horn - Inside (1969)

თაჯ მაჰალი

1967 წელს ლეგენდარული The Beatles ინდოეთში გაემგზავრა და თან უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ამერიკელი ჯაზმენი პოლ ჰორნი გაიყოლა. ამ უკანასკნელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება თაჯ მაჰალის მონახულებამ დატოვა. არტისტმა შეამჩნია, რომ შენობა უნიკალური აკუსტიკით გამოირჩეოდა - მარმარილოს თაღები, რომლებზეც სრულად ასარეკლად ბგერას 28 წამი სჭირდებოდა, ექოს მომაჯადოებელ ეფექტს ქმნიდა. ჰორნმა გადაწყვიტა, ეს სივრცე მუსიკის ჩასაწერად გამოეყენებინა. 

როდესაც ერთი წლის შემდეგ პოლი თაჯ მაჰალში დაბრუნდა და ჩაწერისთვის აპარატურის გამართვა დაიწყო, ადგილობრივმა დაცვის თანამშრომელმა განუცხადა, აქ მხოლოდ ღმერთის განდიდებაა ნებადართულიო. მეც ღმერთისთვის ვუკრავ, - უპასუხა ჰორნმა და ფლეიტაზე დაკვრას შეუდგა. მუსიკის ჰანგებთან ერთად მცველის სახეზე უკმაყოფილება ნელ-ნელა ღიმილმა ჩაანაცვლა. მან ინსტრუმენტალს გალობა ააყოლა, რომლის მოსმენაც კომპოზიციაში Prologue/Inside არის შესაძლებელი. საბოლოოდ, არტისტმა მავზოლეუმში ჩაწერილ ტრეკებს ალბომში Inside მოუყარა თავი, რომელიც მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.

მოუსმინეთ ალბომს

4. Einstürzende Neubauten - Stahlmusik (1980)

ხიდის თაღი

კიდევ ერთი გერმანული კოლექტივი ჩვენს სიაში - კარიერის დასაწყისში Einstürzende Neubauten მხოლოდ ორი წევრისგან, ბლიქსა ბარგელდისგან და ენიუ უნრუსგან შედგებოდა, რომლებსაც პროექტის სტილი ჯერ სრულყოფილად განსაზღვრული არ ჰქონდათ. თუმცა, მოდერნისტული არქიტექტურით შთაგონება დ ურბანული ლანდშაფტებით გატაცება, რაც მოგვიანებით მათი შემოქმედების განუყოფელი ნაწილი გახდა, მუსიკოსების სადებიუტო ალბომშიც აისახა. 1980 წლის პირველ ივნისს არტისტებმა დასავლეთ ბერლინში მდებარე ერთ-ერთი ხიდის თაღს მიაკითხეს, სადაც Stahlmusik (გერმანულად - ფოლადის მუსიკა) ერთ დღეში, კუსტარული აპარატურის დახმარებით ჩაიწერა.

ალბომი კასეტის ფორმატით, ბარგელდის ლეიბლზე Eisengrau გამოიცა. ეს უიშვიათესი ჩანაწერი, რომელიც თვით Einstürzende Neubauten-ის სტანდარტებითაც კი ძალზე უცნაური ჟღერადობით გამოირჩევა, ჯგუფის თაყვანისმცემლებს შორის საკულტო სტატუსით სარგებლობს. ნამუშევარს უნიკალურობას არაორდინარული აკუსტიკური ეფექტი სძენს, რომელიც განსაკუთრებით ცხადად კომპოზიციებში Arbeit, Eisenmolekül და Kristallines Eisen იგრძნობა. აღსანიშნავია, რომ კოლექტივი ხიდს 1981 წელსაც, ამჯერად ცოცხალი პერფორმანსის გასამართად ეწვია, რომლის ამსახველი ვიდეოც შეგიძლიათ აქ იხილოთ.

მოუსმინეთ ალბომს

3. Chris Hadfield - Space Sessions: Songs from a Tin Can (2015)

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

2001 წელს კრის ჰედფილდი ისტორიაში პირველი კანადელი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. თუმცა, როგორც ჩანს, მას ეს მიღწევა საკმარისად შთამბეჭდავად ვერ მოეჩვენა და გადაწყვიტა, დედამიწის საზღვრებს მიღმა ჩაწერილი პირველი ალბომის ავტორიც გამხდარიყო. თორმეტი ტრეკისგან შემდგარი Space Sessions: Songs from a Tin Can მან 2012 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, აკუსტიკური გიტარისა და iPad-ის გამოყენებით ჩაწერა. დევიდ ბოუის ჰიტის, Space Oddity-ის ქავერის გარდა, ნამუშევარში შესული ყველა კომპოზიციის ავტორი თავად ჰედფილდია.

ჰედფილდის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ კოსმოსში ალბომის ჩაწერა მთელ რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული - ნულოვანი გრავიტაციის პირობებში ადამიანებს სახმო სიმების კონტროლი ურთულდებათ და არც მუსიკალური ინსტრუმენტების სათანადოდ გამოყენებაა მარტივი. როდესაც პროდიუსერმა რობერტ ლაკრიცმა კრისს დედამიწიდან შეატყობინა, გიტარაზე, ცოტა არ იყოს, ხარვეზებით უკრავო, ასტრონავტმა მოთმინება დაკარგა და გაბრაზებულმა უპასუხა, თუ მაგარი ხარ, აქ ამობრძანდი და თავადვე სცადეო.

მოუსმინეთ ალბომს

2. Burzum - Dauði Baldrs (1997)

ტრომსიოს ციხე

გისოსებს მიღმა ალბომი არაერთ არტისტს ჩაუწერია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევას განსაკუთრებულს ის ისტორია ხდის, რომელმაც ნორვეგიელ მუსიკოსსა და პროექტ Burzum-ის ავტორს, ვარგ ვიკერნესს თავი ციხეში ამოაყოფინა. ბლექ მეტალის პიონერი კოლექტივის, Mayhem-ის ბასისტმა შელაპარაკების შემდეგ ამავე ჯგუფის გიტარისტს, იერონიმუსს 23 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამ დანაშაულს 150 კგ ასაფეთქებელი ნივთიერების მოპარვა, სამი ეკლესიის გადაწვა და მეოთხეში ხანძრის გაჩენის მცდელობა დაემატა და სასამართლომ ვიკერნესს ნორვეგიის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოუტანა.

მუსიკოსს საკანში დრო უქმად არ დაუკარგავს და დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში ალბომი Dauði Baldrs ჩაწერა, რომელიც, მისი ნამუშევრების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, დარქ ემბიენთის ჟანრს მიეკუთვნება. ჟღერადობის ცვლილებას საფუძვლად მარტივი მიზეზი დაედო - არტისტს ციხეში ხელი მხოლოდ სინთეზატორზე მიუწვდებოდა, თანაც შეზღუდული დროით. აღსანიშნავია, რომ ოთხი წლის შემდეგ ვიკერნესმა კიდევ ერთი ალბომი Hliðskjálf ჩაწერა, 2009 წელს კი ის საპყრობილედან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

მოუსმინეთ ალბომს

1. Radiohead - OK Computer (1997)

ტიუდორების სასახლე

1996 წელს ლეგენდარულმა ბრიტანულმა ბენდმა რიგით მესამე ალბომზე დაიწყო მუშაობა. სტანდარტულ ხმის ჩამწერ სტუდიებში მუსიკოსები თავს კომფორტულად ვერ გრძნობდნენ, სასიამოვნო გარემოს ძიებისას კი სომერსეტის საგრაფოში მდებარე მე-16 საუკუნის სასახლეს მიაგნეს. ტიუდორების დინასტიის მიერ აგებული შენობა, რომელშიც მოარული ხმებით პარანორმალური მოვლენები ხდებოდა, იმჟამად ცნობილ მსახიობს, ჯეინ სეიმურს ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი იქაურობას საცხოვრებლად არ იყენებდა. ამიტომ, როცა ადგილის დროებით დათმობის თხოვნით მიმართეს, ბევრი არ უფიქრია, Radiohead-ის წევრებს გასაღები გადასცა და დაუბარა, კატების გამოკვება არ დაგავიწყდეთო.

სასახლეში მოწყობილ სტუდიაში რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ბენდმა ეპოქალური ალბომი OK Computer შექმნა, რომელიც როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერად იქცა და ათობით პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის გრემიც დაიმსახურა. ნამუშევრის პარანოიით სავსე ლირიკაზე, დიდი ალბათობით, შენობის პირქუშმა ატმოსფერომაც იქონია გავლენა. კოლექტივის ფრონტმენი, ტომ იორკი მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ იქ ცხოვრებისას ძილში აჩრდილები ესაუბრებოდნენ, ცარიელი ოთახებიდან კი ხშირად უცნაური ხმები ესმოდა.

მოუსმინეთ ალბომს

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული