Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

► 
ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Von Südenfed - Fledermaus Can’t Get it

საკულტო გერმანული ელექტრონული დუეტი Mouse on Mars სასიმღერო სტრუქტურებზე არასდროს აპელირებდა და ვოკალისტ-კოლაბორაციონისტიც არასდროს სჭირდებოდა. არანაკლებ საკულტო მანჩესტერული პოსტ პანკ ჯგუფის, The Fall-ის ლიდერის, მარკ ედვარდ სმითის სონგრაითინგი კი იმდენად ეყრდნობა გადატვირთული ელექტროგიტარების საუნდს, რომ წესით ეზოთერულ IDM-ში არაფერი უნდა ესაქმებოდეს. მათი თანამშრომლობის მოტივაცია, ალბათ, მოწყენილობის ჟამს ექსპერიმენტის სურვილი იყო.

2007 წელს გამოცემულ ალბომში Tromatic Reflexxions ეს ტრეკი საუკეთესო ნამდვილად არ არის, მაგრამ მასში ყველაზე მკაფიოდ ჩანს ამ კოლაბორაციის დადებითი აკუსტიკური ეფექტი: მარკის უკმაყოფილო, გაღიზიანებული ვოკალი სრულ რეზონანსშია ანალოგური სინთეზატორების დაუხვეწავ, ნედლ საუნდთან. ზოგადად ალბომი საკმაოდ არასტაბილურია - ზოგან სმითის სტანდარტული სასიმღერო მოდელები დომინირებს, რომლებშიც ელექტრონიკა, როგორც მხოლოდ აკომპანემენტი ისე აღიქმება, ზოგან კი Mars on Mars-ის ელექტრონული ეგზერსისები, სადაც უკვე ჩიხში მოქცეული მარკი ბურტყუნებს უხეიროდ. მოკლედ, სენსაცია ვერ შედგა. საბედნიეროდ, მუსიკოსები დროზე მიხვდნენ ამ ამბავს და ერთმანეთს მშვიდობიანად დასცილდნენ.

9. Hector Zazou & Swara - Zannat

ფრანგ კომპოზიტორსა და პროდიუსერს, ექტორ ზაზუს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიმართულების არტისტებთან იმდენი პროექტი აქვს განხორციელებული, რომ, მგონი, ცხოვრებაში მუსიკის კეთების მეტი სხვა არაფერი აინტერესებდა. თუმცა, მის განსაკუთრებულ სისუსტეს ყოველთვის ელექტრონიკა და ეთნიკური მუსიკა წარმოადგენდა და ეს პროექტიც სწორედ ამის მაგალითია. ზაზუ აქ ცდილობს, იპოვოს მულტიკულტურული აკუსტიკური ტერიტორია, სადაც სხვადასხვა რეგიონის ეთნო-მუსიკალური სინთეზი მოხერხდება. შრი-ლანკურ ბენდში Swara მან სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსები მიიწვია, შედეგი კი მართლაც არაპროგნოზირებადი და უჩვეულო მიიღო.

ამ ტრეკში ზაზუს ელექტროაკუსტიკური ინსტრუმენტალის ფონზე უზბეკი მუსიკოსის, ტოირ კუზიევის მიერ ინდურ ტამპურაზე შესრულებული თემა ვითარდება. ასე ვიღებთ ევროპულ-ინდურ-უზბეკური სენსიტიურობით გაჯერებულ კომპოზიციას. მუმბაიში ჩაწერილი ალბომი In the House of Mirrors ზაზუსთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. 2008 წელს გარდაცვლილ მუსიკოსს ბევრი საინტერესო პროექტი დარჩა, რომლებსაც ხეირიანად, ალბათ, ვეღარავინ დაასრულებს.

8. Roberto Cacciapaglia & Ann Steel - My Time

ჩვენი სიის ყველაზე "პაპსა" და უცნაური კოლაბორაცია. რობერტო კაჩიაპალია იტალიელი პიანისტი და კომპოზიტორია, ენ სტილი კი ამერიკელი ბალერინა, თეატრის მსახიობი და პოეტი, რომელიც 70-იანების მიწურულს იტალიაში მოდელად მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, მათ შორის მგზნებარე სასიყვარულო რომანი გაჩაღდა და ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა რობერტომ საკუთარი სატრფოსთვის მოდური, ელექტროპოპ ალბომი ჩაეწერინებინა.

ერთი შეხედვით, ტრეკები მარტივ მელოდიურ სტრუქტურაზეა აგებული, მაგრამ ბგერაზე მუშაობა, მისი ტემბრალური დამუშავება, დეტალებზე აქცენტირება და ერთობლიობაში მიღებული ჟღერადობა, მართლაც უნიკალურია და ისე ოსტატურადაა გათვლილი, რომ ხვდები, ამ ყველაფრის უკან სერიოზული, პროფესიონალი კომპოზიტორი დგას. ენ სტილიც არ გამოდგა ჯაბანი მომღერალი, თუმცა, ის, თუ როგორ იმუშავა რობერტომ ენის "სუსტ" ვოკალზე, როგორ მოარგო კონტექსტს, ქრესტომათიაშია შესატანი. აღსანიშნავია, რომ ენ სტილი ყველა კომპოზიციის ტექსტის ავტორია და სწორედ მისი ლირიკა გახდა ინსპირაციის წყარო რობერტოსთვის მუშაობის პროცეში. რაც შეეხება ამ სიმღერას, ის ყველაზე სუსტია ალბომში, სამაგიეროდ, ყველაზე ჰიტური, ამიტომაცაა, რომ ვიდეო მხოლოდ მასზე არსებობს.

7. Meгаполис & Лев Лещенко - Tам 

ეს ტრეკი "პერესტროიკის" დროინდელი მდგომარეობისა და განწყობის ჭეშმარიტი კვინტესენცია, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა იმედი, რომ პროცესები შეუქცევადი გახდებოდა და წინ დიდი პერსპექტივები იყო გადაშლილი. ელექტროპოპის ესთეტიკით გაჟღენთილ ამ კომპოზიციას სულ სხვა განზომილებას აძლევს საბჭოთა ნომენკლატურის უსაყვარლესი მომღერლის, ლევ ლეშჩენკოს დახვეწილი ბარიტონი, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ისმინება მისთვის უცხო აკუსტიკურ ტერიტორიაზე. ეტყობა, მაშინ მის კონფორმისტულ ცნობიერებაშიც კი იწყებოდა მენტალური ძვრები.

საინტერესოა, რომ ამ რომანტიკულ-ოპტიმისტურ განწყობასთან სრულ დისონანსშია სიმღერის ტექსტი, რომელიც ემიგრანტ პოეტს, იოსიფ ბროდსკის ეკუთვნის: "გაიხედე იქით, საითაც გახედვა არ ღირს; იქ მატარებელი "ა" წერტილიდან "ბ" წერტილისკენ მიემართება, რომელიც არ არსებობს; საიდუმლოებები და გამოცანები იქ არ არის, პეიზაჟს არ აქვს ნიშნები, ჰორიზონტი კი უსწორმასწოროა; იქ მოდაში ნაცრისფერია, დროის და მორების ფერი". წინასწარმეტყველური სიტყვებია. ამას ისიც ადასტურებს, რომ ლეშჩენკო დღეს პუტინის კარის მეზობელია და დარწმუნებული ვარ, ძალიანაც ამაყობს ამით.

6. Brian Eno, U2 & Luciano Pavarotti - Miss Sarajevo

ამ სიმღერის ისტორია და გავლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა ძალა შეიძლება, ჰქონდეს ხელოვნების ნაწარმოებს, რომელიც ადამიანების მიმართ ჭეშმარიტი თანაგრძნობითაა ინსპირირებული. კომპოზიცია ბალკანეთის ომის დროს, ალყაშემორტყმულ სარაევოში გამართული სილამაზის კონკურსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის საუნდტრეკია, თუმცა, არტისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არანაირი პათეტიკა და საპროტესტო დეკლამაციები აქ არ გვხვდება. ის უაღრესად ინტიმურია, სევდიანი და ლამაზიც, მაგრამ არაფრით იქნებოდა განსაკუთრებული ლუჩანო პავაროტის გარეშე. არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში ამ პროექტში მისი ჩართვა, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციურ კულმინაციას სიმღერა სწორედ მაშინ აღწევს, როდესაც პავაროტის გულის განმგმირავი ტენორი შემოდის და აკუსტიკური დრამაც უკვე ტრაგედიად იქცევა. 

სინგლმა გამოსვლისთანავე მოწინავე პოზიციები დაიკავა ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების მუსიკალურ ჩარტებში და, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო იმ სტერეოტიპის გამყარებას, რომლის მიხედვითაც, სერბები კაციჭამიებისა და მანიაკების ერია. თუმცა, ამაში ამ სახელოვანი არტისტების დადანაშაულება ნამდვილად არ იქნება სწორი.

5. David Bowie & Maria Schneider - Sue (Or in a Season of Crime)

არავისთვისაა საიდუმლო, რომ დევიდ ბოუი ჯაზის დიდი მცოდნე და მოტრფიალე გახლდათ. ბოუისთან მომუშავე ბენდებში ყოველთვის იყო ერთი-ორი ისეთი მუსიკოსი, რომელსაც ჯაზური იმპროვიზაციისა და ინტერპრეტაციის უნარი ჰქონდა, რაც მის ალბომებსაც აშკარად ეტყობა. ამ ტრეკის შემთხვევაშიც დევიდმა პარტნიორად ჯაზ-კომპოზიტორი მარია შნაიდერი და მისი ბიგ ბენდი აირჩია და ინტუიციამ მას ტრადიციულად არ უღალატა. 

შნაიდერი აქ მუსიკის თანაავტორიცაა და არანჟირება-ორკესტრირებაშიც გადამწყვეტი როლი მიუძღვის. შედეგიც საკმაოდ ექსპერიმენტული და უჩვეულო გამოვიდა. შეიძლება, ითქვას, რომ ეს ნამუშევარი ერთ-ერთი საუკეთესოა ბოუის ბოლო პერიოდის შემოქმედებაში. აქ ის სრულად ინარჩუნებს თავის საფირმო მანერულობას და თან სულ სხვა აკუსტიკური ტერიტორიის დაპყრობასაც უაღრესად წარმატებით ახერხებს. არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა ეს კომპოზიცია მარია შნაიდერისთვისაც, რომელმაც საუკეთესო არანჟირებისთვის მორიგი გრემის ჯილდო მოიპოვა. მოკლედ, რომ არა ბოუის გარდაცვალება, ვფიქრობ, მუსიკოსების თანამშრომლობა მომავალშიც ორივესთვის საკმაოდ ნაყოფიერი იქნებოდა. 

4. Peter Gabriel & Nusrat Fateh Ali Khan - Passion

მარტინ სკორსეზეს ფილმისთვის "ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი" 1989 წელს შექმნილ საუნდტრეკების ალბომში იმდენი შესანიშნავი კოლაბორაცია შედგა, ნებისმიერის დადება შემეძლო აქ, მაგრამ პიტერ გებრიელისა და ნუსრატ ფატეჰ ალი ხანის ეს კომპოზიცია მართლაც განსაკუთრებულია.

პაკისტანელი ნუსრატი ქავალია. ქავალის მთავარი მიზანია, სუფისტური ტექსტების ემოციური შესრულებისას ჯერ თავად ჩავარდეს ტრანსში, შემდეგ კი მსმენელი შეიყვანოს ექსტატურ მდგომარეობაში, რომელსაც ვაჯადი ჰქვია, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი ხდება ალაჰთან მისტიკური შერწყმა. გასაგებია, რომ ქავალის არანაირი ევროპული მუსიკალური ინგრედიენტი არ სჭირდება, სამაგიეროდ, გებრიელს დასჭირდა ის თავისი კრეატიული მიზნებისთვის და ასე მოხვდა ისლამური რიტუალური მუსიკა სახარების მოტივებზე შექმნილ ფილმში. რომ არა ნუსრატის არაამქვეყნიური ხმა, გებრიელის კომპოზიცია, უბრალოდ, ხარისხიანი ნიუ ეიჯია. სხვათა შორის, მასში სენეგალის ყოფილი კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, იუსუ ნ’დურის და ვიღაც ქორისტი ბიჭის ვოკალიც ისმის. ყველაფერი კი ერთიანობაში ძალზე შთამბეჭდავად და ტრანსცენდენტულ-მედიტატიურად ჟღერს.

3. Steve Coleman and Metrics - Black Genghis

საქსოფონისტი სტივ კოულმანი უაღრესად ავტორიტეტული, მრავალპროფილიანი ჯაზმენია, Metrics კი მისი ერთ-ერთი პროექტია, რომელშიც, მუსიკოსების გარდა, რეპერები Black Indian, Kokayi და Sub Zero შედიან. სამივე მათგანი, ისევე, როგორც თვითონ კოულმანი, აფროამერიკული კულტურის საფუძვლების სიღრმისეული მკვლევარები არიან და სწორედ ამ ცოდნით გადაწყვიტეს, შეექმნათ მუსიკა, რომელშიც შესაძლებელი გახდებოდა ჯაზისა და ჰიპ ჰოპის ორგანული შერწყმა.

1995 წელს პარიზში ჩაწერილი ეს საკონცერტო ალბომი სწორედ ამ ორი მუსიკალური მიმართულების სრულყოფილი კოლაბორაციის იდეალური ნიმუშია. აქ ყველაფერია - ურთულესი რიტმები, ჯაზური სოლო იმპროვიზაციები, რეპ ბათლიც და უძველესი აფრიკული ქოლ ენდ რესფონსიც. რეჩიტატივი ხან ექსცენტრულ-რიტუალურია, ხანაც ბიბოპში სოლირებულ სასულე ინსტრუმენტს ემსგავსება. მოკლედ, საქმე ერთიან, ცოცხალ აკუსტიკურ ნაკადთან გვაქვს, რომლის ტრაექტორიაც სრულიად არაპროგნოზირებადია. 

2. Roswell Rudd & Sonic Youth - Dry Bones

ჯაზსა და როკს შორის აკუსტიკური რომანი ყველაზე წარმატებული მაშინაა, როდესაც ჯაზმენებიც და როკმენებიც საკუთარ ჟანრულ კლიშეებს არღვევენ და ძალაუნებურად უკვე ისეთ ქაოტურ ტერიტორიაზე იკვეთებიან, რომელიც ორივე ამ მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლებისთვის ორგანული ხდება. ტრომბონისტი როზუელ რადი ექსცენტრული, "თავისუფალი" ჯაზმენია, Sonic Youth კი ბენდი, რომელიც ყოველთვის მეინსტრიმული დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ალბათ, ამიტომაც გამოვიდა მათი ეს ერთჯერადი ლაივ-კოლაბორაცია ასეთი ეფექტური და არაორდინარული.

Dry Bones უძველესი ამერიკული ფოლკ სიმღერაა ბიბლიურ თემაზე და სწორედ მის იმპროვიზებულ, სრულიად არანორმალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს ეს დუეტი. როზუელ რადი აქ არა მარტო უკრავს, არამედ ფრონტმენადაც გვევლინება, რომელიც ისე იჭრება როლში და ისე ქადაგებს Sonic Youth-ის მანტრული მუზიცირების ფონზე, რომ წინასწარმეტყველ ეზეკიელსაც კი შეშურდებოდა. კომპოზიცია ეთნომუსიკოლოგ ჰარი სმიტის ანთოლოგიისადმი მიძღვნილ საკონცერტო ალბომშია შესული და იქიდან გამომდინარე, თუ რა კონტინგენტი ასრულებს ამ ანთოლოგიის სხვა, არქაულ სიმღერებს, ნათელი ხდება, საიდან მოდის ანგლო-ამერიკული ანდერგრაუნდის საფირმო თვითგვემა.

1. Gavin Briers & Tom Waits - Jesus' Blood Never Failed Me Yet

1971 წელს ბრიტანელმა კომპოზიტორმა, გევინ ბრაიერსმა ლონდონის ქუჩაში მაგნიტოფონზე უცნობი ხანდაზმული უსახლკაროს მიერ სევდიანად ნამღერი მოტივი ჩაწერა, რომლის ტექსტიც სულ ორი წინადადებისგან შედგებოდა: "იესოს სისხლს ჩემთვის ჯერ არასდროს უღალატია. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ მე მას ვუყვარვარ". შინ დაბრუნებულმა ბრაიერსმა ეს მელოდიური ფრაზა ჩაციკლა, გააორკესტრა და 25-წუთიანი ნაწარმოები შექმნა. 1975 წელს კი, ბრაიან ინოს ძალისხმევით, კომპოზიცია სტუდიურად ჩაიწერა, რომელიც მყისვე სენსაცია გახდა. სამწუხაროდ, იმ დროისთვის მოხუცი მაწანწალა უკვე გარდაცვლილი იყო. მისი არც სახელია ცნობილი და არც გვარი, მაგრამ ის ამ შედევრის სრულუფლებიანი თანაავტორია.  

1993 წელს ტომ უეითსმა გადაწყვიტა, "იესოს სისხლისთვის" საკუთარი ხმა დაემატებინა, ოღონდ უაღრესად დელიკატურად და ფრაგმენტურად. მან თავისი ვოკალი მაწანწალის ნამღერს ამოაფარა, რათა ორიგინალის სიფაქიზე და ინტიმურობა არ დაკარგულიყო, თუმცა, უეითსის ხმამ ტრეკი უდავოდ დაამძიმა. ეს ნაწარმოები არა მხოლოდ უძლიერესი ემოციური მუხტის მატარებელია, არამედ ადამიანისადმი მიძღვნილი ნამდვილი ჰიმნია. იმ ადამიანისადმი, რომელიც თავისი გამოუვალი ყოფის უმძიმეს წუთებშიც კი ინარჩუნებს სულიერ სილამაზესა და ოპტიმიზმს, რადგან მტკიცედ სჯერა, რომ სამყარო მაინც მშვენიერია.


0. Freddie Mercury & Montserrat Caballe - Barcelona

რა თქმა უნდა, ეს კომპოზიცია თრეში არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აქ საქმე ერთგვარ აკუსტიკურ ინციდენტთან გვაქვს, უაღრესად გაზვიდებულთან და პომპეზურთან. მუსიკა დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევა, მერკურის Queen-ისთვის გაცილებით უკეთესი ნამუშევრები აქვს შექმნილი. აშკარად იგრძნობა, რომ კაბალიეს, როგორც სოპრანოს, საკუთარი რესურსების სრულად ამოქმედება არ სჭირდება (ამიტომაც ჩაწერა სიმღერა პირველივე დუბლით), მერკური კი ცდილობს, საკუთარ თავს გადაახტეს და ზღვარზეა. ამ ზღვრის იქით უკვე სხვა სივრცეა, აკადემიური, სადაც მას არაფერი ესაქმება. რაც არ უნდა მაღალი დიაპაზონის ხმა ჰქონდეს ფრედის, ის მაინც როკ ვოკალისტად რჩება. 

სწორედ კაბალიეს საოპერო ტექნიკა და მერკურის როკ ექსცენტრიკის ნაზავი აძლევს ამ სიმღერას ერთადერთ ინტრიგას. სხვა მხრივ, ის კლასიკური ჟღერადობით შენიღბული პოპ სონგია. ოპერისა და კაბალიეს შემოქმედების მოყვარულთათვის ამ ნაწარმოებს არანაირი ღირებულება არ აქვს, მერკურის ფანებისთვის კი უმაღლესი პილოტაჟია. ეს კომპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოპ მუსიკის გადაკვეთა საოპერო ხელოვნებასთან არ გამოდის და როგორც კურიოზი, ისე აღიქმება. ამიტომაც მოვახვედრე ეს სიმღერა-მუტანტი ამ პოზიციაზე. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული