Thumbnail

პოლ მაკკარტნი: ჯორჯ ჰარისონის სიმღერები Abbey Road-ის ჩაწერამდე დიდად არ მომწონდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისელმა როკ მუსიკის ისტორიკოსმა, მარკ ლიუისონმა გამოცემა The Guardian-ს 1969 წლის ჩანაწერი გადასცა, რომელშიც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის წევრები: ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი და პოლ მაკკარტნი ალბომ Abbey Road-ზე მუშაობის პერიოდში საუბრობენ. აუდიო ჯონმა რინგო სტარისთვის ჩაიწერა, რომელიც ამ დროს საავადმყოფოში გამოკვლევებს იტარებდა.

► 50 წლის შემდეგ, The Beatles-ის ფანებმა Abbey Road-ზე გადაღებული ფოტო გააცოცხლეს

► ნახეთ: ინგლისში The Beatles-ის ახალი სთრით არტი შეიქმნა

ჩანაწერში ლენონი ამბობს, რომ ალბომში მისი, მაკკარტნისა და ჰარისონის მიერ დაწერილი 4-4, ხოლო რინგო სტარის 2 კომპოზიცია უნდა შევიდეს. პოლი კი პასუხობს:

"- ამ ალბომამდე ვფიქრობდი, რომ ჯორჯის სიმღერები არ იყო საკმარისად კარგი.
- გემოვნების საკითხია. ხალხს მოსწონს ჩემი ნამუშევრები", - პასუხობს ჰარისონი.

Abbey Road ჯგუფმა 1969 წელს გამოუშვა. ჩანაწერი ბენდის ბოლოსწინა ალბომია. ნამუშევარმა გამოსვლისთანავე მსმენელისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. მასში შედის კოლექტივის ისეთი საკულტო კომპოზიციები, როგორებიცაა: Come Together, Something, Here Comes the Sun და სხვა. გარეკანი კი, რომელზეც ბენდის წევრები ები როუდს კვეთენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომის ყდაა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული