Thumbnail

საკულტო მუსიკოსი დენიელ ჯონსტონი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი და ვიზუალური არტისტი, დენიელ ჯონსტონი 58 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ყოფილმა მენეჯერმა, ჯეფ ტარტაკოვმა დაადასტურა. შემსრულებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა. შარშან მისი ჰოსპიტალიზებაც გახდა საჭირო.

დენიელ ჯონსტონმა მუსიკის შექმნა ჯერ კიდევ სასკოლო ასაკიდან დაიწყო, სადებიუტო ალბომი Songs of Pain კი 1981 წელს ჩაწერა. ის საკულტო ფიგურად ითვლება აუტსაიდერ, ლოუ ფაი და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულთა წრეში. ჯონსტონის სიმღერებს სხვადასხვა დროს ასრულებდნენ Nirvana, Pearl Jam, Beck და ტომ უეითსი.

"დიდების ზენიტში მყოფი კურტ კობეინი, ერთ-ერთ როკ ფესტივალზე, სცენაზე უცნაურად დასურათებული მაისურით გამოჩნდა. ნახატის წარმომავლობის შესახებ კითხვებზე კურტმა უპასუხა, რომ ეს მისი საყვარელი მუსიკოსის, დენიელ ჯონსტონის ალბომის გარეკანი იყო.

შიზოფრენიითა და ბიპოლარული აფექტური აშლილობით დაავადებული ჯონსტონი ტექსასის ქალაქ ოსტინში, მამის ავტოფარეხში წერდა მუსიკას Sanyo-ს ფირმის ორკასეტიან მაგნიტოფონზე. იმის მიუხედავად, რომ იმ დროს დენიელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, ხმის ჩამწერმა კომპანიებმა ნამდვილი ომი გააჩაღეს მისი შემოქმედების გამოსაცემად. მუსიკოსმა უარი უთხრა Elektra Records-ს, რადგან თვლიდა, რომ ჯგუფ Metallica-ს წევრები, რომელთა ნამუშევრებიც ამ ლეიბლზე გამოდიოდა, ეშმაკით იყვნენ შეპყრობილი. საბოლოო ჯამში კონტრაქტი Atlantic Records-თან გაფორმდა.

დენიელი ნამდვილ სტუდიაში გადაიყვანეს და კარიერა აუწყვეს. ის ცნობილი გახდა, მისი სიმღერების დაქავერება დიდად პატივცემულმა არტისტებმა დაიწყეს. მაგრამ მოხდა ისე, რომ მისი მუსიკა ნელ-ნელა გაუფერულდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ დილეტანტიზმი, დისბალანსი, ხარვეზები და აკუსტიკური ქაოტურობა გამოხატავდა ყველაზე ზუსტად მის შეშლილ შინაგან სამყაროს და იმ საგიჟეთს, რაც თავში უტრიალებდა (ერთდროულად რომ ელანდებოდა ღმერთი და სატანა)". 

გია ხადური. ეშლილი გენიოსების მიერ შექმნილი 10+1 სიმღერა

2005 წელს დენიელ ჯონსტონმა შესახებ დოკუმენტური ფილმი The Devil and Daniel Johnston გადაიღეს. თავისი ბოლო, კომპილაციური ალბომი Space Ducks არტისტმა 2012 წელს გაავრცელა, უკანასკნელი ტურნე კი 2017 წელს გამართა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული