Thumbnail

Тимати-სა და Гуф-ის პროსახელისუფლებო კლიპი 1,5 მლნ დისლაიქის მიღების შემდეგ წაშალეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი რუსი რეპერების, ტიმურ იუნუსოვის, ფსევდონიმით Тимати და ალექსეი დოლმატოვის, იგივე Гуф, ხელისუფლების მხარდამჭერი კომპოზიცია Москва იუთუბზე ატვირთვიდან 3 დღეში მას შემდეგ წაშალეს, რაც ვიდეორგოლმა 1,48 მილიონზე მეტი დისლაიქი დააგროვა. მაშინ, როდესაც კლიპის ნახვები 5,5 მილიონს შეადგენდა, მოწონება კი 89,000-ს.

ამასთან, რუსი ჰიპ ჰოპ არტისტების მიერ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მხარდასაჭერად ჩაწერილმა ტრეკმა იუთუბზე ყველაზე მეტი დისლაიქის მქონე ვიდეოების სიაში 30-ე ადგილი დაიკავა.

ტიმატიმ ინსტაგრამზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეპერებმა კლიპის წაშლა "ძალიან დიდი ნეგატივის მიღების" გამო გადაწყვიტეს.

"დღეს ძალიან ტრენდულია ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ მე ჩემი აზრი გამაჩნია. აქციებზე სიარულს საკუთარ თავზე მუშაობა მირჩევნია", - წერს რეპერი.

გუფმა კი განაცხადა, რომ კლიპის სანაცვლოდ მისთვის ფული არავის გადაუხდია და მოსკოვში დაგეგმილი საკრებულოს არჩევნების შესახებ არაფერი იცოდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ინტერნეტში მოგვიანებით მაინც გავრცელდა.

ბოლო კვირებში მოსკოვში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომელთა მონაწილეებიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქცია არაერთხელ დაარბია და 1,300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. საბოლოოდ, მოთხოვნები მაინც არ დაკმაყოფილდა. 8 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებით, ხელისუფლების კანდიდატებს საკრებულოს მანდატების 1/3-ის დათმობა ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ მოუწიათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული