Thumbnail

უემოციო მუსიკოსები დაჯილდოების ცერემონიებზე

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

როგორც წესი, მუსიკოსები პრესტიჟული ჯილდოების მოპოვებას ძალზე ემოციურად ხვდებიან და სამადლობელი სიტყვის წაკითხვისას ცრემლადაც იღვრებიან ხოლმე. თუმცა, ისეთი არტისტებიც არსებობენ, რომლებიც მსგავს ცერემონიებს სრულიად გულგრილად ეკიდებიან და ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებისას განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ გამოხატავენ.

ჩვენს სტატიაში სწორედ ასეთ ხუთ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

5. Massive Attack

საკულტო ტრიპ ჰოპ კოლექტივის თაყვანისმცემლებს კარგად მოეხსენებათ, რომ ჯგუფის დამაარსებლის, რობერტ დელ ნაიას სახეზე ემოციების ამოცნობა ურთულესი საქმეა. ბრიტანელ არტისტს საკუთარი იმიჯისთვის არც 1996 წელს Brit Awards-ის ცერემონიაზე უღალატია.

კომპოზიციით Karmacoma წლის საუკეთესო საცეკვაო ტრეკის  კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ, მუსიკოსი Massive Attack-ის სხვა წევრებთან ერთად სცენაზე არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ავიდა, დამსწრეებს განუცხადა, ბედის ირონიით, ცეკვა არცერთ ჩვენგანს ეხერხებაო და იქაურობას სწრაფადვე გაეცალა.

4. Pearl Jam

ამერიკული გრანჟ ბენდის ფრონტმენ ედი ვედერისთვის დაჯილდოების ცერემონიებზე დაბნეული გამომეტყველებითა და აბდაუბდა ტექსტებით გამოსვლა ტრადიციად იყო ქცეული. 1993 წელს MTV Video Awards-ზე საუკეთესო ვიდეორგოლად Pearl Jam-ის კლიპი Jeremy დაასახელეს. ედი სცენაზე კევის ღეჭვით ავიდა და მოკლე სიტყვაში დამსწრეებს გულწრფელად გამოუტყდა, არ ვიცი, რა პრინციპით გადაწყვიტეთ, რომელი ნამუშევარი იყო საუკეთესო, მაგრამ მაინც მადლობას მოგახსენებთო.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით მუსიკოსი მსგავს ღონისძიებებზე თავის დაჭერას მიეჩვია და წარსული ქმედებების გამო ბოდიშიც მოიხადა.

3. Bob Dylan

ლეგენდარულმა არტისტმა სხვადასხვა დროს, გრემით დაწყებული, ოსკარით დამთავრებული, თითქმის ყველა პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. თუმცა, სიტყვაძუნწობითა და გულჩათხრობილობით ცნობილი მუსიკოსი საზეიმო ცერემონიებზე მგზნებარე გამოსვლებით არასდროს გამოირჩეოდა, რასაც ეს ვიდეოც ადასტურებს. 

2001 წელს დილანმა კომპოზიციისათვის Things Have Changed საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მიიღო, რომლისთვისაც მადლობა ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გარეშე, ნობელის პრემიის მფლობელი პოეტის კვალობაზე საკმაოდ მოკლე სიტყვით გადაიხადა.

2. Oasis

ყველასა და ყველაფრის მიმართ აგდებული დამოკიდებულება ამ მანჩესტერული კოლექტივის იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყო. Oasis-ის წევრები უხეშობას არც ერთმანეთს აკლებდნენ, რამაც საბოლოოდ ჯგუფი დაშლამდე მიიყვანა, ძმები გალაჰერები კი ერთმანეთს მტრად გადაჰკიდა.

1995 წელს გამართულ NME-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ლიამისა და ნოელისგან განსაკუთრებულ რევერანსებს არც არავინ მოელოდა, თუმცა, საუკეთესო ახალბედა ბენდის კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ, მუსიკოსებმა საკუთარი სოციოპათიის სტანდარტი გაცილებით მაღლა ასწიეს და პრიზი ხაზგასმული გულგრილობით, ცინიზმით სავსე "სამადლობელო" სიტყვის თანხლებით მიიღეს.

1. The Strokes

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც NME Awards-ზე მოხდა. არტისტების მხრიდან გულგრილობა, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს ღონისძიებაზე, რომელზეც გამარჯვებულებს ჯილდოს სახით აწეული შუა თითის სკულპტურა გადაეცემათ.

2006 წელს გამართულ ცერემონიაზე საუკეთესო უცხოური კოლექტივის ტიტული ამერიკულმა ბენდმა The Strokes მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფის ფრონტმენმა, ჯულიან კასაბლანკასმა სამადლობელო სიტყვა საკმაოდ ხალისიანად დაიწყო, თუმცა, როგორც ეგზისტენციური კრიზისით განმსჭვალული სიმღერების ავტორს შეეფერებოდა, ენთუზიაზმი მალევე გაუქრა და მონოლოგი "ბლა ბლა ბლა"-თი (პირდაპირი მნიშვნელობით) დაასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული