Thumbnail

მექსიკური წარმოშობის ამერიკელი არტისტის, როლანდო როჩას, იგივე DJ Rolando-ს კომპოზიცია Jaguar ტექნოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრეკია. ის 1999 წელს ლეგენდარულ დეტროიტულ ლეიბლზე Underground Resistance გამოიცა და ძალიან მალე მიიქცია როგორც იატაკქვეშა, ასევე მეინსტრიმ სივრცის ყურადღება. 

დაინტერესებულ მხარეებს შორის იყო Sony Music-ის გერმანული განყოფილება, რომელმაც ტრეკის ულიცენზიოდ გამოცემა გადაწყვიტა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დირკ დრეიერმა გერმანულ დუეტს Type კომპოზიციის კოპირება, ე.წ. tone-to-tone ვერსიის შექმნა შეუკვეთა.

1999 წლის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში Type-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერის პირველმა გამოცემამ შეაღწია. ამან როგორც Underground Resistance, ასევე, მთლიანად ანდერგრაუნდ მუსიკის სივრცე გააღიზიანა.

Underground Resistance, რომელიც მაიკ ბენქსს, ჯეფ მილსს და დეტროიტ ტექნოს მეორე თაობის სხვა არტისტებს აერთიანებდა, Sony-ს პროვოკაციას არ შეეგუა და მძლავრი საპროტესტო ტალღა ააგორა.

"გთხოვთ, ნუ შეიძენთ ამ ჩანაწერს რომელიმე კომერციული პლატფორმიდან. ისინი არასდროს უჭერდნენ მხარს ამ სახის მუსიკას, სანამ მას მათთვის სარგებელი არ მოჰქონდა. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ ჩანაწერის შეძენას, გთხოვთ, შეიძინოთ მხოლოდ იქ, სადაც ამ ყველაფერს თავიდანვე აფასებდნენ", - ეწერა ლეიბლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საპასუხოდ დირკ დრეიერმა გადაწყვიტა, "კოლეგიალური" ნაბიჯი გადაედგა და Underground Resistance-ს კომპოზიციის გამოსაცემად ოფიციალური ლიცენზიის შეძენა შესთავაზა. დიდ კომერციულ კომპანიებთან თანამშრომლობა ლეიბლის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, ამიტომაც დრეიერმა პასუხად უარი მიიღო. უფრო მეტიც, Sony Music-ის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას უფრო მასშტაბური სახე მიეცა - დიჯეები მისი პროდუქციით სარგებლობაზე უარს აცხადებდნენ, აღშფოთებული ფანები კი ოფისში რეკავდნენ და წერილებს აგზავნიდნენ. 

თუმცა, საპროტესტო ტალღამ დრეიერს განზრახვაზე უარი ვერ ათქმევინა. მან საქმეში კიდევ ერთი დიდი კომპანია BMG ჩართო. ჩვენ ლიცენზია ერთ-ერთი გერმანული ლეიბლისგან ვიყიდეთ, რომელზეც ეს ტრეკი რომელიღაც ფრანკფურტელმა დიჯეიმ გამოსცაო, - განაცხადეს BMG-ის ხელმძღვანელებმა და ჩანაწერის აქტიური პიარ კამპანია დაიწყეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ Jaguar-ის წარმოშობის შესახებ არაფერი სმენოდათ, თუმცა, ოფიციალურ საიტზე ტრეკის ავტორად ვინმე Aztec Mystique ჰყავდათ მოხსენიებული, რაც DJ Rolando-ს სასცენო სახელის The Aztec Mystic ვარიაცია იყო. ეს გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ BMG-მ არ იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე.

რასაკვირველია Underground Resistance-ს არ ჰქონდა საკმარისი გავლენა და ფინანსური შესაძლებლობები საიმისოდ, რომ სასამართლოში Sony Music-ისა და BMG-ის ადვოკატებთან ებრძოლა. სწორედ ამიტომ, მაიკ ბენქსმა განაცხადა, რომ დიდ კომპანიებთან ომში მათ ერთადერთ შანსს ახალი ფრონტის გახსნა წარმოადგენდა, სადაც იატაკქვეშა ლეიბლი გამარჯვებას შეძლებდა. ეს ინტერნეტის უკონტროლო სივრცე, არალეგალური რადიოები და ბრძოლის სხვა ისეთი პარტიზანული საშუალებები იყო, რომლებზეც ტექნო სუბკულტურას ხელი მიუწვდებოდა.

ამ კამპანიის ფარგლებში დეტროიტელმა არტისტებმა, ჯეფ მილსმა და Octave One ტრეკის ოფიციალური რემიქსები გააკეთეს. 

ომის საბოლოო შედეგი კი ის აღმოჩნდა, რომ ელექტრონული მუსიკის სამყაროში კომპოზიციის ნამდვილი ავტორის ვინაობა დღეს ყველამ იცის, Sony-სა და BMG-ის მიერ გამოცემული ვერსია კი DJ Rolando-ს Jaguar-ის წარმატებასთან ახლოსაც ვერ მივიდა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული