Thumbnail

ამბობენ, საყვარელი შემსრულებლის ლაივზე მიღებულ შეგრძნებებს ვერანაირი ჩანაწერი ჩაანაცვლებსო. საბედნიეროდ, რეჟისორებმა ეს შეგონება ყურად არ იღეს და ლეგენდარული არტისტების ცოცხალ პერფორმანსებზე დაყრდნობით არაერთი ბრწყინვალე საკონცერტო ფილმი შექმნეს.

ჩვენს სტატიაში სწორედ ასეთ თხუთმეტ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

15. Beyonce - Homecoming

რეჟისორი: ბიონსე ნოულს-კარტერი (2019)

ამერიკელი სუპერვარსკვლავი პოპკულტურისთვის იმდენად დიდი ფიგურაა, რომ მასთან დაკავშირებული თუნდაც უმნიშვნელო სიახლეც კი დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ამიტომაც, ადვილი წარმოსადგენია ის ფურორი, რომელიც ბიონსემ გრანდიოზული საკონცერტო ფილმის დაანონსებით მოახდინა. 2019 წელს გამოსულ სურათში მუსიკოსის მიერ ფესტივალ "ქოაჩელაზე" გამართული კონცერტია ასახული. მულტიმედია პლატფორმა Netflix-ზე გავრცელებულმა Homecoming-მა უკვე მოასწრო ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის სტატუსის მოპოვება და მსგავსი პროექტების განხორციელებისკენ არაერთ პოპულარულ არტისტსაც უბიძგა.

Homecoming-ში არტისტის გრანდიოზულ შოუს, უნაკლო მუსიკალური პერფორმანსისა და დახვეწილი ქორეოგრაფიული ნომრების ამსახველ სცენებს დოკუმენტური კადრები ენაცვლება, რომლებშიც ნათლად ჩანს, რამდენი შრომა, ნებისყოფა და მსხვერპლია საჭირო ასეთი შთამბეჭდავი შედეგის მისაღებად. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ სურათის რეჟისორი და პროდიუსერი თავად ბიონსე გახლავთ - პოპვარსკვლავმა ამ ნამუშევრით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლებელია, რაიმე საქმეს მოჰკიდოს ხელი და ის იდეალურად არ გამოუვიდეს.

14. Beastie Boys - Awesome; I Fuckin' Shot That!

რეჟისორი: ნათანიელ ჰორნბლოუერი (2006)

როგორც წესი, საკონცერტო ფილმის გადაღებამდე არტისტები მის თითოეულ დეტალზე გულმოდგინედ ზრუნავენ. თუმცა, ლეგენდარული ჰიპ ჰოპ ტრიოს, Beastie Boys-ის წევრებს, ლირიკულ დიდოსტატობასთან და ენერგიულ ჟღერადობასთან ერთად, საკუთარი საქმისადმი ხაზგასმით არასერიოზული დამოკიდებულებაც გამოარჩევდათ, რაც გაგიკვირდებათ და ძალზე ეფექტური შედეგებით სრულდებოდა. სურათი Awesome; I Fuckin’ Shot That! სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

კოლექტივმა 2004 წლის 9 ოქტომბერს მედისონ სქვერ გარდენში გამართული შოუს ფირზე აღბეჭდვის საკმაოდ ორიგინალურ ხერხს მიაგნო. პროფესიონალი ოპერატორების დაქირავების ნაცვლად, მუსიკოსებმა კონცერტის გადაღების საპატიო მისია არც მეტი, არც ნაკლები, მაყურებლებს მიანდეს. ლაივის დაწყებამდე დარბაზში მყოფ ორმოცდაათ ადამიანს ვიდეოკამერები დაურიგდა, ფილმი კი სწორედ მათ ობიექტივში მოხვედრილი კადრებისგან შეიქმნა. ეს ხერხი იდეალური აღმოჩნდა იმ ადრენალინით სავსე განწყობის გადმოსაცემად, რომლითაც Beastie Boys-ის პერფორმანსები იყო ცნობილი. რაც შეეხება ნამუშევრის რეჟისურას, ის საკუთარ თავზე ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ადამ იაუქმა აიღო, რომელიც ტიტრებში ნათანიელ ჰორნბლოუერის ფსევდონიმით მოგვევლინა.

13. Michael Jackson - This Is It

რეჟისორი: კენი ორტეგა (2009)

2009 წლის ივლისში მაიკლ ჯექსონი ლონდონში გრანდიოზული კონცერტების სერიას გეგმავდა, რომელსაც მისი თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდნენ. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ინტრიგას არტისტის განცხადებაც მატებდა, რომლის თანახმადაც, ეს შოუ მის კარიერაში, დიდი ალბათობით, უკანასკნელი იქნებოდა. თუმცა, პოპის მეფეს ჩანაფიქრის განხორციელება არ დასცალდა. ის 25 ივნისს მედიკამენტური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.  

საკონცერტო ფილმი This Is It, რომელშიც ჯექსონის ვერშემდგარი შოუს რეპეტიციების სცენები და სხვა დოკუმენტური კადრებია შესული, მიახლოებულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ღონისძიება და, ამასთან ერთად, ლეგენდარულ მუსიკოსს სავსებით ახალი კუთხით წარმოაჩენს. სურათის დაანონსებას კრიტიკოსებისა და ჯექსონის თაყვანისცემლების ნაწილი უკმაყოფილებით შეხვდა. ისინი თვლიდნენ, რომ საქმე ფულის მარტივად შოვნის მორიგ მცდელობასთან ჰქონდათ. This Is It-ის გამოსვლას არტისტის ოჯახის წევრებიც ეწინააღმდეგებოდნენ, რომელთა მოსაზრებით, პერფექციონიზმისკენ სწრაფვით ცნობილ მაიკლს პროექტი არ მოეწონებოდა. თუმცა, რეჟისორ კენი ორტეგას შთამბეჭდავმა ნამუშევარმა საპირისპირო დაამტკიცა და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა. სურათმა 261 მილიონი დოლარის ოდენობით მოგება მოიტანა და დღემდე რჩება ისტორიაში ყველაზე წარმატებულ საკონცერტო-დოკუმენტურ ფილმად.

12. Metallica - S&M

რეჟისორი: უეინ აიშემი (2000)

Metallica-ს მძიმე რიტმებისა და სიმფონიური ორკესტრის ჟღერადობის შერწყმა თავდაპირველად ამ ამერიკული თრეშ მეტალ კოლექტივის ცხონებულ ბასისტს, კლიფ ბარტონს სურდა. იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედებით შთაგონებული არტისტის ხელწერაზე კლასიკური მუსიკის გავლენა ჯგუფის ეპოქალურ ჩანაწერებშიც Master of Puppets და Ride the Lightning ნათლად იყო ასახული. სამწუხაროდ, მუსიკოსს ჩანაფიქრის განხორციელება არ დასცალდა - ის 1986 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 13 წლის შემდეგ კი ჯგუფმა დაუვიწყარი საკონცერტო ფილმი S&M სწორედ მის იდეაზე დაყრდნობით შექმნა.

კოლექტივს სცენაზე პარტნიორობა სან ფრანცისკოს სიმფონიურმა ორკესტრმა გაუწია, რომელსაც გამოჩენილი კომპოზიტორი, მაიკლ კეიმენი დირიჟორობდა. მათი თანამშრომლობის შედეგმა მსმენელთა თუ კრიტიკოსთა ერთსულოვანი აღფრთოვანება დაიმსახურა. ზოგიერთმა ის ყველა დროის საუკეთესო ცოცხალ პერფორმანსადაც კი აღიარა. აღსანიშნავია, S&M ბენდის ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქის დასასრული აღმოჩნდა - ეს უკანასკნელი ნამუშევარია, რომლის შექმნაშიც Metallica-ში კლიფ ბარტონის შემცვლელად მოსულმა ბასისტმა, ჯეისონ ნიუსტედმა მიიღო მონაწილეობა.

11. Radiohead - Live in Praha

რეჟისორები: ვაშეკ ჩალუპა, ლიამ დონოვანი, პიტერ ჰოლიველი და ჯეფ კელერი (2010)

როკ მუსიკის ისტორიაში ცოტა კოლექტივს თუ ჰყოლია თაყვანისმცემლების ისეთი ერთგული და თავგამოდებული არმია, როგორიც Radiohead-ს. ათწლეულების განმავლობაში ჯგუფის მსმენელებმა ფავორიტ მუსიკოსებთან მიმართებით სიტყვას "საკულტო" სავსებით ახალი მნიშვნელობა შესძინეს. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სწორედ ეს საკონცერტო ფილმი გახლავთ, რომლის შექმნის იდეაც 2009 წლის 23 აგვისტოს ჩეხეთში გამართულ კონცერტზე დამსწრე ჯგუფის ფანებს ეკუთვნით. მათვე ითავეს მისი გადაღება და მასალის მონტაჟიც. 

ოპერატორებს მუშაობის საშუალება მხოლოდ აუდიტორიისათვის გამოყოფილ სივრცეში ჰქონდათ, ამიტომაც, ცდილობდნენ, ბენდი რაც შეიძლება მეტი განსხვავებული რაკურსით დაეფიქსირებინათ. მათი ენთუზიაზმის ხარჯზე ძალზე შთამბეჭდავი ვიდეომასალა შეგროვდა. პროექტმა მალე Radiohead-ის წევრებამდეც მიაღწია, რომლებსაც ნანახი იმდენად მოეწონათ, რომ ფილმის ავტორებს პრაღაში გამართული კონცერტის მაღალი ხარისხის აუდიოჩანაწერი გაუგზავნეს. Live in Praha ლეგენდარული კოლექტივის მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად იქცა და MPG Awards-ის პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა.

10. Led Zeppelin - The Song Remains the Same

რეჟისორები: ჯო მასოტი და პიტერ კლიფტონი (1976)

ლეგენდარული ბრიტანული როკ კოლექტივი საკონცერტო ფილმის გადაღებას წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობდა. მუსიკოსებს ხან ტექნიკური პრობლემები აფერხებდათ, ხანაც განსაზღვრულ ვადებში ვერ ეტეოდნენ. თუმცა, 1973 წელს Led Zeppelin-ის მენეჯერი პიტერ გრანტი რეჟისორ ჯო მასოტს დაუკავშირდა და მცირე ხანში ეკრანებზე სურათი The Song Remains the Same გამოვიდა, რომლის შესაქმნელად საჭირო ფინანსებიც ბენდმა მთლიანად საკუთარი ჯიბიდან გაიღო.

Led Zeppelin-ის თაყვანისმცემლებმა ნამუშევარში, ჯგუფის ცოცხალ პერფორმანსებთან ერთად, დოკუმენტური კადრები და მუსიკოსების შემოქმედებით შთაგონებული სიურრეალისტური ვიზუალები იხილეს. სურათში 1973 წლის ივლისში მედისონ სქვერ გარდენში გამართული სამი კონცერტია ასახული. ბენდის წევრებს ღონისძიების ჩატარება ხანგრძლივი და დამღლელი ტურნეს მიწურულს მოუწიათ და, ბევრის აზრით, კარიერაში საუკეთესო პერფორმანსი ვერ აჩვენეს. თუმცა, The Song Remains the Same-ის უმთავრესი ღირსება ის დოკუმენტური თუ მხატვრული სცენებია, რომლებმაც საკულტო კოლექტივის მილიონობით თაყვანისმცემელს Led Zeppelin-ის სამყაროს მანამდე უცნობი, ახლო კუთხით დანახვისა და შეგრძნების საშუალება მისცა.

9. Queen - Live at Wembley '86

რეჟისორი: გევინ ტეილორი (2003)

ამ ბრიტანული კოლექტივის სახელს იმდენი დასამახსოვრებელი კონცერტი უკავშირდება, რომ მათ შორის ერთის გამოყოფა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ამ მხრივ განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს 1986 წელს უემბლის სტადიონზე გამართული შოუ და 1992 წელს ბენდის ფრონტმენის, ფრედი მერკურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც Queen-ის დარჩენილ წევრებს პარტნიორობა არაერთმა გამოჩენილმა არტისტმა გაუწია. არჩევანი პირველზე სწორედ ლეგენდარული შემსრულებლის გამო შევაჩერეთ - შეუძლებელია, მუსიკის ისტორიაში საუკეთესო ცოცხალ პერფორმანსებზე ისაუბრო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი ყურადღების გარეშე დატოვო.

გრანდიოზულ კონცერტზე, რომელსაც 72,000 მაყურებელი დაესწრო, კოლექტივის თითოეულმა წევრმა საკუთარ საქმეს უნაკლოდ გაართვა თავი. თუმცა, ღონისძიება ისტორიულ მოვლენად, პირველ რიგში, ფრედი მერკურის საოცარმა ვოკალურმა მონაცემებმა და უნიკალურმა ქარიზმამ აქცია. შოუს ამსახველი ფილმი ოფიციალურად მხოლოდ 2003 წელს გამოიცა და ის საკულტო ბენდის თაყვანისმცემელთა კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს.

8. The Rolling Stones - Rock and Roll Circus

რეჟისორი: მაიკლ ლინდსი-ჰოგი (1996)

1968 წელს ლეგენდარული The Rolling Stones-ის წევრებმა გადაწყვიტეს, ახალი ალბომის Beggars Banquet პრომოუშენისთვის საკონცერტო ფილმი გამოეშვათ. მუსიკოსებმა რეჟისორ მაიკლ ლინდსი-ჰოგს მიაკითხეს, რომელმაც მათ როკ-ენ-როლის ატმოსფეროსა და ცირკის ესთეტიკის გაერთიანება შესთავაზა. მიკ ჯაგერმა და კომპანიამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ცნობილი ბენდები Jethro Tull, The Who და Taj Mahal მიიწვიეს. ამ ჩამონათვალში Led Zeppelin-ის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა, მათთან თანამშრომლობა მთელი რიგი მიზეზების გამო ვერ შედგა.

Rock and Roll Circus-ის სახელით ცნობილ კონცერტს განსაკუთრებულობას უამრავი რამ სძენს. The Rolling Stones-ის წევრი, ბრაიან ჯონსი გარდაცვალებამდე მსმენელთა წინაშე უკანასკნელად სწორედ აქ გამოვიდა. ამ სურათის ნაწილია Jethro Tull-ში ლეგენდარული გიტარისტის, ტონი აიომის მოღვაწეობის ფირზე აღბეჭდილი ერთადერთი შემთხვევაც. ღონისძიების კულმინაციად კი ჯონ ლენონის პერფორმანსი იქცა, რომელმაც სპეციალურად ამ შოუსთვის ერთი დღით კით რიჩარდსთან, მიტჩ მიტჩელთან და ერიკ კლეპტონთან ერთად სუპერჯგუფი The Dirty Mac ჩამოაყალიბა.

7. The Doors - Live at the Isle of Wight Festival

რეჟისორი: მიურეი ლერნერი (2018)

1970 წელს ბრიტანულ კუნძულ უაითზე გამართულ ფესტივალზე გამომსვლელი არტისტების სია ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა: მაილს დევისი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯონი მიტჩელი, Chicago, The Who და სხვა. თუმცა, ლეგენდარული როკ ჯგუფის, The Doors-ის კონცერტი ღონისძიების ვარსკვლავური შემადგენლობის ფონზეც კი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ცუდი ამინდის მიუხედავად, კოლექტივმა საკუთარ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა, რომლის ამსახველი ფილმიც 2018 წელს დამატებით მასალებთან ერთად ოფიციალურად გამოიცა.

კონცერტის ატმოსფერო ბენდის სხვა გამოსვლებისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. The Doors-ის ფრონტმენი, დებოშირი და ხულიგანი ჯიმ მორისონი სცენაზე უჩვეულოდ მშვიდად გამოიყურებოდა და ჯგუფის კლავიშისტის, რეი მანზარეკის თქმის არ იყოს,  შებორკილ დიონისეს ჰგავდა. თუმცა, მუსიკოსმა პასიური ქცევა საოცარი, პირველყოფილი ენერგიით დამუხტული ვოკალური პარტიებით აანაზღაურა, რომლებსაც ინტენსიური ჟღერადობის ინსტრუმენტალი კიდევ უფრო ამძაფრებდა. ამერიკელი არტისტისთვის ეს სამშობლოს გარეთ გამართული უკანასკნელი კონცერტი აღმოჩნდა. 1971 წლის 3 ივლისს ის პარიზში გულის შეტევით გარდაიცვალა.

6. David Bowie - Ziggy Stardust and the Spiders from Mars

რეჟისორი: დონ პენებეიკერი (1983)

დევიდ ბოუის არაორდინარული ალტერ ეგოები მისი შემოქმედების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულად შთამბეჭდავი Ziggy Stardust არტისტმა სამყაროს 1971 წელს წარუდგინა. სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმებით შთაგონებულ, ანდროგენული გარეგნობის მქონე პერსონაჟს მუსიკოსის კარიერაში ხანმოკლე, მაგრამ ძალზე წარმატებული პერიოდი უკავშირდება, რომლის განმავლობაშიც მან ეპოქალური სტუდიური ალბომი The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars გამოსცა. 

1973 წლის 3 ივლისს ლეგენდარულმა არტისტმა ლონდონში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი გამართა. მომაჯადოებელი შოუს მიწურულს, კომპოზიციის Rock 'n' Roll Suicide შესრულებამდე, ბოუიმ ექსტაზში მყოფ მსმენელებს მოულოდნელად გამოუცხადა, რომ ისინი მის უკანასკნელ გამოსვლას ადევნებდნენ თვალს. მომდევნო დღეს ჟურნალ-გაზეთები ააჭრელა ცნობამ, რომელიც იუწყებოდა, რომ მუსიკოსმა მოღვაწეობა სამუდამოდ დაასრულა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მან მხოლოდ ზიგის პერსონაჟი ჩააბარა წარსულს. სწორედ ამ პერფორმანსს ასახავს სურათი Ziggy Stardust and the Spiders from Mars, რომლის პრემიერაც 1979 წელს შედგა, ოფიციალურად კი 1983 წელს გამოიცა.

5. Nirvana - MTV Unplugged in New York

რეჟისორი: ბეტ მაკკარტი-მილერი (1993)

1993 წელს MTV-ის წარმომადგენლებმა ლეგენდარულ გრანჟ კოლექტივს აკუსტიკური კონცერტების სერიაში მონაწილეობა შესთავაზეს. მუსიკოსებმა წინადადება მიიღეს, თუმცა, შაბლონური პერფორმანსის ნაცვლად, მათ არაორდინარული სანახაობის დადგმა სურდათ. გადაცემა Unplugged-ის თითქმის ყველა სტუმარი მხოლოდ საკუთარ ჰიტებს ასრულებდა და მაყურებელთა ფართო მასებზე გათვლილი შოუს მოწყობას ცდილობდა. Nirvana-ს წევრებმა კი განაცხადეს, რომ საკუთარ კომპოზიციებთან ერთად ქავერებსაც დაუკრავდნენ, ხოლო სცენაზე პარტნიორობას სახელგანთქმული კოლეგების ნაცვლად, ნაკლებად პოპულარული როკ ბენდი Meat Puppets გაუწევდა. პროგრამის პროდიუსერებს ეს იდეა მაინცდამაინც ჭკუაში არ დაუჯდათ, მაგრამ გაჯიუტებული არტისტები ვერაფრით გადაარწმუნეს.

საბოლოოდ, Sony Music-ის ნიუ იორკის სტუდიაში გადაღებული კონცერტი გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა. აკუსტიკურმა ჟღერადობამ და ჟანრისთვის უჩვეულო ინსტრუმენტების გამოყენებამ ჯგუფის კომპოზიციები სავსებით ახალი ესთეტიკით წარმოაჩინა, ქავერები კი იმდენად ეფექტურად შესრულდა, რომ მსმენელებისთვის ეს სიმღერები, მათი ავტორების ნაცვლად, დღემდე Nirvana-ს შემოქმედებასთან ასოცირდება. დეკორაციისთვის შავი სანთლები, შროშანები და ჭაღები თავად სიეტლური ბენდის ფრონტმენმა, კურტ კობეინმა მოითხოვა. როდესაც უთხრეს, ეს ყველაფერი სცენას დაკრძალვის ცერემონიას დაამსგავსებსო, მუსიკოსმა უპასუხა, რომ მასაც სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული. ამ ლაივის ჩაწერიდან ხუთ თვეში კურტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

4. Talking Heads - Stop Making Sense

რეჟისორი: ჯონათან დემი (1984)

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის ეს საკონცერტო ფილმი ნამუშევრების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა სიტყვებით აღწერაც თითქმის შეუძლებელია. სურათი, რომელშიც Talking Heads-ის მიერ 1983 წლის დეკემბერში ჩატარებული ლაივია ასახული, ჟანრის ეტალონადაა აღიარებული. Stop Making Sense მხოლოდ ბრწყინვალე მუსიკალური პერფორმანსის ვიდეოჩანაწერი არ გახლავთ, ის ეპოქალური ბენდის არაორდინარული ფილოსოფიისა და უნიკალური ესთეტიკის გამოძახილიცაა, რომელიც როკ მუსიკის ისტორიისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორიც კოლექტივის მიერ დამკვიდრებული ახალი ჟღერადობა.

კონცერტი ჯგუფის ფრონტმენის, დევიდ ბირნის გამოსვლით იწყება, რომელსაც Talking Heads-ის სხვა წევრები ყოველი მომდევნო კომპოზიციის შესრულებისას რიგრიგობით უერთდებიან. პანკის, ნიუ ვეივისა და ფანკის სინთეზით სავსე არაჩეულებრივი მუსიკითა და შთამბეჭდავი ქორეოგრაფიით მდიდარი ფილმის ცენტრალური ფიგურა სწორედ ბირნია - კომიკურად დიდი ზომის კოსტიუმში გამოწყობილმა არტისტმა სცენაზე უნიკალური პერსონაჟი შექმნა, რომელიც მისი შემოქმედების სიმბოლოდ და უსახელო ალტერ ეგოდ იქცა.

3. Buena Vista Social Club - Buena Vista Social Club

რეჟისორი: ვიმ ვენდერსი (1999)

1932 წელს ჰავანაში, ბუენა ვისტას უბანში ადგილობრივმა შემსრულებლებმა ამავე სახელწოდების კლუბი დააარსეს, რომლის სცენიდანაც უნიკალური ჟღერადობის მქონე კუბური მუსიკის ჟანრები - დანსონი, პუნტო გუახირა და სონ კუბანო ჟღერდა. 1953 წელს კარზე რევოლუციამ მოაკაკუნა, კომუნისტურმა ხელისუფლებამ გასართობი დაწესებულებების დახურვა დაიწყო. ამასთანავე, კასტროს რეჟიმი მანამდე დაკანონებული რასობრივი სეგრეგაციის კვალის ყველა შესაძლო გზით წაშლას ცდილობდა, რამაც ძირითადად შავკანიანი მუსიკოსებით დაკომპლექტებულ Buena Vista-ს გადარჩენის შანსები საბოლოოდ მოუსპო. არტისტებმა თავ-თავიანთ გზას მიაშურეს. ზოგიერთმა მოღვაწეობა დამოუკიდებლად გააგრძელა, ზოგმაც მსმენელთა წინაშე გამოსვლას საერთოდ მიანება თავი.

1997 წელს ამერიკელი გიტარისტის, რაი კუდერის ინიციატივით უკვე ასაკში მყოფი მუსიკოსები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ანსამბლი Buena Vista Social Club ჩამოყალიბეს, რომლის სადებიუტო ჩანაწერმაც გრემის ჯილდო მოიპოვა და პროექტს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. კოლექტივის რამდენიმე წევრი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას დაუბრუნდა და წარმატებული სოლო ნამუშევრებიც გამოსცა. 1999 წელს კი არტისტების შესახებ ფილმი ლეგენდარულმა გერმანელმა რეჟისორმა, ვიმ ვენდერსმა გადაიღო. სურათი ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლში ჩატარებულ პერფორმანსს ასახავს, რომელიც დაუვიწყარი მოგზაურობაა კუბის უნიკალური კოლორიტითა და მუსიკალური მემკვიდრეობით სავსე სამყაროში.

2. Pink Floyd - Live at Pompeii

რეჟისორი: ედრიენ მეიბენი (1972) 

ამ ლეგენდარულმა ბრიტანულმა კოლექტივმა არასტანდარტულ სივრცეებში ჩატარებული ლაივებით კარიერის დასაწყისშივე გაითქვა სახელი. 1971 წელს მუსიკოსებთან თანამშრომლობით რეჟისორი ედრიენ მეიბენი დაინტერესდა, რომელმაც რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, Pink Floyd-ის საკონცერტო ფილმის პროექტი დროებით შეაჩერა და დასასვენებლად იტალიაში გაემგზავრა. ვეზუვის ამოფრქვევისას ლავასა და ფერფლში ჩამარხული პომპეის დათვალიერებისას მეიბენმა ამფითეატრის ტერიტორიაზე პასპორტი დაკარგა, მის მოსაძებნად უკან დაბრუნებული კი ანტიკური ქალაქის ნანგრევებთან პირისპირ აღმოჩნდა და გენიალური იდეაც დაებადა - ბენდს კონცერტი სწორედ აქ, აუდიტორიის გარეშე უნდა გაემართა.

პერფორმანსის ჩასატარებლად ამფითეატრის ექვსი დღით დახურვა იყო საჭირო, რაც მთელ რიგ ბიუროკრატიულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. იღბლად, ნეაპოლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი გავლენიანი პროფესორი Pink Floyd-ის თავგამოდებული თაყვანისმცემელი აღმოჩნდა და ფავორიტ მუსიკოსებს საქმე გაუჩარხა. მეიბენის, ერთი შეხედვით, უცნაურმა იდეამ საოცრად ეფექტური შედეგი გამოიღო - დროში გაქვავებული ქალაქის ხედებმა და კოლექტივის ფსიქოდელიურმა ჟღერადობამ Live at Pompeii როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ საკონცერტო ფილმად აქცია, რომლის კონცეფციასაც მოგვიანებით არაერთი მიმბაძველი გამოუჩნდა.

1. Various Artists - Woodstock

რეჟისორი: მაიკლ უედლი (1970)

1969 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვუდსტოკში ჩატარებული ფესტივალი მეოცე საუკუნის დასავლურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. ღონისძიებას, რომლის იდეალებზე მისი სლოგანი "მშვიდობისა და მუსიკის სამი დღე" მეტყველებდა, ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაესწრო, სცენაზე კი ისეთი შემსრულებლები გამოვიდნენ, როგორებიც იყვნენ: ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ჯო კოკერი, კარლოს სანტანა, The Who, Jefferson Airplane, Creedence Clearwater Revival და სხვა. ჰიპების კონტრკულტურის სიმბოლოდ ქცეული კონცერტის შესახებ ფილმი რეჟისორმა მაიკლ უედლიმ გადაიღო. ნამუშევარმა საუკეთესო დოკუმენტური სურათის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა და დღემდე საკულტო სტატუსით სარგებლობს.

ვუდსტოკი ყველა დროის საუკეთესო ფესტივალად ითვლება. ამ მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და არცთუ უსაფუძვლოდ - ღონისძიებას თან ბევრი ტექნიკური თუ საორგანიზაციო ხარვეზი ახლდა, არტისტების უმეტესობამ კი კარიერაში საუკეთესო კონცერტი სულ სხვა დროსა და ადგილზე დაუკრა. თუმცა, ღონისძიების მუსიკალურ ღირებულებას მისი ისტორიული თუ იდეური მნიშვნელობა აჭარბებს და მეორეხარისხოვნადაც კი წარმოაჩენს. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 1960-იანი წლების ამერიკელ ახალგაზრდობას ხშირად "ვუდსტოკის თაობად" მოიხსენიებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული