Thumbnail

ოზი ოსბორნი: ექიმები მეუბნებიან, რომ გამოსაჯანმრთელებლად წელიწადი დამჭირდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსს, ოზი ოსბორნს დაგეგმილი კონცერტების გადადება აპრილში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუწია. რეაბილიტაციის შესახებ არტისტი გამოცემა Rolling Stone-ს ესაუბრა.

► ამერიკელმა მეცნიერმა ოზი ოსბორნს "გენეტიკური მუტანტი" უწოდა

► ოზი ოსბორნმა ავადმყოფობის გამო 2019 წლის ტურნე გადადო

"პირველი ოთხი თვე აბსოლუტურ აგონიაში ვიყავი. ასე ცუდად თავი არასდროს მიგრძვნია. საშინელება იყო. თერაპიას ახლაც გავდივარ, მაგრამ პროგრესი ძალიან ნელია. ექიმები მეუბნებიან, რომ გამოსაჯანმრთელებლად მინიმუმ წელიწადი დამჭირდება. ვიმედოვნებ, რომ იანვრისთვის კარგად გავხდები. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რა უმწეოდ ვგრძნობდი თავს, საავადმყოფოში ლოგინს რომ ვიყავი მიჯაჭვული. საპირფარეშოში გასასვლელად დამხმარე მჭირდებოდა. დღისითა თუ ღამით მომვლელი მახლდა. 40-დან 70 წლამდე ყველაფერი კარგად იყო, 70-ის გავხდი და მოულოდნელად ჩამოვიშალე", - გაიხსენა ოზიმ.

შეგახსენებთ, რომ ოზი ოსბორნმა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში დაგეგმილი კონცერტები გადადო. არტისტს სახლში წაქცევის შემდეგ ძველი ჭრილობა გაუმიზეზდა, რასაც თან გაციება და პნევმონიის გამწვავება დაერთო. ცნობილია, რომ ტურნე 2020 წლის თებერვლიდან განახლდება.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული